საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს საზოგადოებას.
ცვლილება ითვალისწინებს მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. "ესტონურ მოდელს" ეფუძნება. ამ მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.
სამინისტოში მიაჩნიათ, რომ რეფორმა საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე დადებით გავლენას მოახდენს. კერძოდ, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით, ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო საწარმოებს.
შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა, ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა, კაპიტალის მოცულობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივაც. საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით; საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო; კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას.
გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, თუ ის დათანხმდება ძირითადი თანხის დაფარვას.