პერუში აღმოაჩინეს გიგანტური პინგვინის ჩონჩხი, რომელიც 36 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა. სწავლულებმა მას "პედრო" შეარქვეს – კოლუმბიური სერიალის გმირის პატივსაცემად. ამ აღმოჩენის საშუალებით, პალეონტოლოგებმა შეძლეს, გაერკვიათ "თეთრი ლაქები" ამ სახეობის ცხოველთა ევოლუციაში.
უძველესი პინგვინი სიმაღლეში მეტრ-ნახევარს აღწევდა და დღეისათვის არსებულ ყველაზე დიდ სამეფო პინგვინზე ორჯერ უფრო მძიმე იყო. მას ჰქონდა სწორი, გრძელი ნისკარტი – გაცილებით გრძელი, ვიდრე მის თანამედროვე ნათესავებს.
"სწავლულებს აქამდე არავითარი მონაცემები არ ჰქონდათ პინგვინთა ბუმბულზე, ფარფლების ფერსა და ფორმაზე", – თქვა კვლევების ავტორმა, ტეხასის უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა ჯულია კლარკმა. მან აღნიშნა, რომ ამ სახეობის ძირითადი ფიზიკური მახასიათებლების ფორმირება მრავალი მილიონი წლის წინათ მოხდა, ხოლო შეფერილობა შედარებით ბოლო ხანებში შეიცვალა – ამ საკითხს პედრომ მოჰფინა ნათელი.
აღმოჩნდა, რომ უძველესი პინგვინების ბუმბული იყო მოყავისფრო-ნაცრისფერი, თანამედროვე პინგვინებისგან განსხვავებით, რომელთაც შავ-თეთრი ბუმბული აქვთ. ეს პირდაპირაა დაკავშირებული მათ უნარზე, ღრმად ჩაყვინთონ წყალში. სახელდობრ, ევოლუცია მელანოციტებისა – უჯრედებისა, რომლებიც ფრინველების ტყავსა და ბუმბულს შეფერილობას აძლევს, დაეხმარა პინგვინებს, გადასულიყვნენ წყალქვეშა ცურვაზე. მელანოციტები პედროს ბუმბულსა და ფრთებზე პრაქტიკულად ისეთივე იყო, როგორიც მფრინავ ფრინველებს აქვთ. ამიტომ დაასკვნეს მეცნიერებმა, რომ 36 მილიონი წლის წინათ პინგვინები, ალბათ, მხოლოდ წყლის სივრცის ათვისებას იწყებდნენ.