იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. თუმცა, ახვლედიანი სასამართლოს მოსამართლედ რჩება.
გადაწყვეტილება საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას პრეზიდენტის კვოტით არჩეული ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა მხარი ყველამ დაუჭირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად უკვე დაინიშნა გიორგი ებანოიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის თავმჯდომარეა.
მამუკა ახვლედიანი ასევე გათავისუფლდა სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც. ამ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მოსამართლე ეკა არეშიძე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანს ეთიკის ნორმების დარღვევასა და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებაში ადანაშაულებდნენ, რამაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დადგენილებით, სასამართლოს ავტორიტეტი და ნდობა შებღალა.
ცნობისთვის, ახვლედიანმა 2015 წლის 29 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სასამართლო სისტემაში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, მოსამართლის დანიშვნისა და დაწინაურების წესზე ისაუბრა. ამასთან, უნდობლობა გამოუცხდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. კერძოდ, განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოც უნდა წავიდეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც, რადგან ვერც ერთმა ვერ გაართვა თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ამ განცხადების შემდეგ, ახვლედიანის მიმართ უკმაყოფილება მოსამართლეების ნაწილმა გამოთქვა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნა, ერთი თვის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.
თუმცა, საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანის განცხადებებში ეთიკის ნორმების დარღვევა და დისციპლინური გადაცდომა არ ყოფილა.
მამუკა ახვლედიანი საუბრობს სისტემურ პრობლემებზე და თუ სისტემურ პრობლემებზე საუბარი ჩაეთვლება დისციპლინურ გადაცდომად, ეს მესიჯი იქნება, რომ არავინ ხმა არ ამოიღოს იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოს აქვს, _ აღნიშნავდა ნაცვლიშვილი.
ამავე თემაზე:
დაპირისპირებული მოსამართლეები და პოლიტიკური პროცესი სასამართლო სისტემაში