ელდარ, იგივე ფარვიზ ბერძენიშვილი მეწაღეა. მისი პატარა სახელოსნო ჩოხატაურში, ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების შენობაში მდებარეობს. სახელოსნოში ყოველთვის ხალხმრავლობაა.
როგორც თვითონ გვითხრა, ხელობა მეზობელმა, დემურ გიორგაძემ შეასწავლა, თუმცა, მას მზარეულობა ჰქონდა გადაწყვეტილი და აპირებდა კიდეც კურსების გავლას. ელდარი ამბობს, რომ ეს ისტორია, დაახლოებით, 50 წლის წინ დაიწაყო.
"ლანჩხუთში მზარეულის სპეციალობის შემსწავლელი კურსები იყო. იქ მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ წავედი. სკოლის დირექტორი იყო ერემი კუჭავა და არ გამიშვა _ ჯერ სკოლა დაამთავრე და მერე წადიო. ერთ დღეს, დემურ გიორგაძემ დამიძახა და მითხრა, წამოდი ჩემთან სახელოსნოში და უბრალოდ, მიყურეო. ორ-სამჯერ წავყევი და დამიჯდა ჭკუაში, ცოტა ფულიც "გავაკეთე" და ასე დავრჩი აქ. მას მერე ვმუშაობ. 48 წელია, ამ ხელობით ვირჩენ თავს. თავიდან, ეს შენობა არ იყო _ ახლა რომ თეატრი შენდება, იმ ტერიტორიაზე ვიყავით. ეს რომ აშენდა, პირველად მე შემოვედი და მერე მოვიდნენ სხვები", _ ამბობს ელდარ ბერძენიშვილი.
მისი თქმით, რაც დრო გადის, მომხმარებელთა რაოდენობა მცირდება. მასალა ძალიან ძვირი ღირს და, შესაბამისად, "ხელობაც" გაძვირდა:
"ადრე კაი მუშაობა იყო. ახლა მასალა გაძვირდა _ ფეხსაცმელს რომ ძირი გამოუცვალო, 8-10 ლარი ჯდება. ახლა მეორადი ფეხსაცმელი უფრო იაფია. ურჩევნიათ, ფული დაამატონ და იყიდონ".
მიუხედავად იმისა, რომ ელდარს სმენისა და მეტყველების პრობლემა აქვს, ეს, როგორც სახელოსნოში მისული ადამიანები ამბობენ, მასთან ურთიერთობაში ხელს არ უშლით:
"ძალიან კეთილშობილი ადამიანია, დადებითი ენერგიის მატარებელი, სუფთა და პატიოსანი. მახსოვს, ერთხელ ბავშვის ჩექმა მოუტანეს გასაკეთებლად და შიგ ფული აღმოჩნდა _ 1 000 ლარი. ცოტა ხანში გულგახეთქილი მოვარდა ჩექმის პატრონი. თურმე, დედამთილს შეენახა ფული. ეს ჩექმა სამი დღის წინ წამოეღო სახლიდან და სამსახურში ჰქონდა. როცა ფულის შესახებ გაიგო, შეშინებული მოვარდა. ელდარმა, რა თქმა უნდა, მაშინვე დაუბრუნა", _ გვიყვება ტარიელ ცინცაძე, რომელიც წლებია ელდარის გვერდით სახელოსნოში მუშაობს.
ამ ამბავს ელდარიც ღიმილით იხსენებს და ამბობს, რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. უყვარს, როცა ადამიანებს ეხმარება:
"რამდენჯერ მოსულან და უთქვამთ, ახლა ფული არ გვაქვს, მერე გადაგიხდითო. არც მერე მოაქვთ _ ალბათ, ვერ შოულობენ ან ავიწყდებათ. რა ქნან, ძალიან უჭირთ ადამიანებს და ფეხსაცმელზე ერთი ლურსმნის დარტყმას როგორ დავამადლი?!" _ ამბობს კეთილი მეწაღე და ღიმილით გვემშვიდობება.