დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგები განიხილეს დღეს განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე. პრეზენტაცია გამართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა.
კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია, სახალხო კრების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი ავთანდილ უნგიაძე ესწრებოდნენ.
ლია გიგაურმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო საზოგადოებრივი მეცნიერებების კურსში შემავალი ცვლილებები ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში. მისი თქმით, სასწავლო გეგმა, რომელიც 2011 წელს დამტკიცდა, 2016 წლის ბოლოსთვის იწურება, რის გამოც საჭირო ხდება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გადასვლა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი იმის გასარკვევად, რა პრობლემები არსებობდა სკოლებში მოსწავლის, მასწავლებლის, სახელმძღვანელოების და, ზოგადად, გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩატარდა ბევრი კვლევა და მოხდა სიტუაციური ანალიზი.
როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კვლევების საფუძველზე განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც უნდა დამუშავებულიყო ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების პროცესში. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დანერგვის მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა სხვადასხვა ტიპის ხარვეზები“, _ განაცხადა ლია გიგაურმა.
მან დეპუტატებს წლიური პროგრამები სქემების სახით წარმოუდგინა. თითოეული თემის მიხედვით მან სტანდარტის შედეგებსა და მასთან დაკავშირებულ კითხვებსა და საკვანძო ცნებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ, ასევე, რეკომენდაციები გააცნო დეპუტატებს.
კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გამოიწვია საჯარო სკოლებში საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვის საკითხმა და მასთან დაკავშირებით მომზადებულმა პროგრამამ. ლია გიგაურის განმარტებით, მე-3 და მე-4 კლასებში მოხდება საგნის „მე და საზოგადოება“ სწავლება, ხოლო "ჩვენი საქართველო" – მე-5 და მე-6 კლასში დაინერგება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პირველადი ვერსია, რომელიც მომზადდა, მე-3 კლასში მოიცავდა თემებს: „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები, თანატოლები“ და „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“. მისი განცხადებით, მე-4 კლასის თემები იყო „მედია და ინფორმაცია“, „რწმენა და რელიგია“, „მე და ჩემი ქვეყანა“.
ლია გიგაურის თქმით, გაცნობიერებული იყო რისკები, რომლებიც რწმენასა და რელიგიას უკავშირდება.
„გათვალისწინებული იქნა ფსიქოლოგების რეკომენდაციაც, რომ ადრეა ამ თემაზე მოსწავლეებთან საუბარი, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებს შესაბამისი გამოცდილება არც თუ დიდი აქვთ. შეიცვალა თემატიკა და მე-3 კლასში დარჩა – „ჩემი ოჯახი“, „სკოლა, მეგობრები, თანატოლები“, „გარემო, რომელშიც ვცხოვრობ“. მე-4 კლასში – „განათლება“, „მედია და ინფორმაცია“ იქნება, ხოლო „რწმენა და რელიგია“ „მე და ჩემი ქვეყანათი“ ჩანაცვლდება“, _ განმარტა ლია გიგაურმა.
განათლების მინისტრის მოადგილის მისამართით დასმულ კითხვაზე, თუ რას ნიშნავს და რა იგულისხმება განსხვავებული კულტურის, ეროვნებისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანებში, ლია გიგაურმა განმარტა, რომ განსხავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებად, განათლების სფეროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები აღიქმებიან.
„ესენი არიან ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მენტალური თუ სხვა ტიპის პრობლემის მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან ინტეგრირებული სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ ყოველ მოსწავლეს მზრუნველი და შემწყნარებლური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს“, _ განაცხადა ლია გიგაურმა.
პარლამენტის წევრებს, გიორგი ჟორჟოლიანს და ეკა ბესელიას მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ.
„ ეს არის ძალიან სპეციფიკური, ძალიან ფაქიზი სფერო, ამიტომ აქ უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, ბავშვთა ფსიქოლოგებმა, ეს მათი სივრცეა, რათა ძალიან კარგად გააზრებული სტანდარტები ჩამოყალიბდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ის ჩარჩო, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ბავშვებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია“, _ განაცხადა ეკა ბესელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის განცხადებით, პედაგოგს არ უნდა აეკიდოს უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც იგი ვერ ასწევს. ამასთანავე არ შეიძლება ბავშვი დაიტვირთოს ისე, რომ მისგან საბოლოოდ რობოტი ჩამოყალიბდეს:
„ამას უნდა კარგი დაფიქრება, რომ არ შევიჭრეთ ისეთ სფეროში, რომლის ფორმალიზებაც შეუძლებელია, არ შევიჭრეთ შვილისა და დედის ურთიერთობაში, ოჯახისა და პატარას ურთიერთობაში, არ ავკიდოთ ბავშვს ტვირთი, რომ დაგეგმოს ოჯახის ბიუჯეტი. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია“, – განაცხადა ივანე კიღურაძემ.
მისი თქმით, როცა შესაბამისი სახელმძღვანელო დაიწერება, ის საჯარო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
"არ შევუქმნათ ბავშვებს ილუზია, რომ ვასწავლით და ისე არ გამოვიდეს, რომ სინამდვილეში კი არ ვასწავლით, არამედ სწავლის წყურვილს ვუკლავთ მათ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კომიტეტის წევრებს მოუწოდა, არ დაუშვან სასკოლო პროგრამაში ისეთი დისციპლინის შეტანა, როგორიცაა „ მე და საზოგადოება“, რომელსაც მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ლობირებს
"აგერ უკვე 1 წელია ვებრძვით ამ ინიციატივას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობების განათლების პრიორიტეტებთან. არის შეკვეთილი და ინსპირირებული უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების განვითარებას“, -_განაცხადა ლევან ვასაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა, რამაზ საყვარელიძემ აღნისნა, რომ სამუშაო პროცესში ჩართულია ფსიქოლოგთა ძლიერი ჯგუფი, მისი თქმით, სახელმძღვანელო შექმნისთანავე გაივლის როგორც საჯარო დისკუსიის პროცესს, ასევე ტესტირებას, თუ როგორ გაიგებენ და აღიქვამენ მას მოსწავლეები.