"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" აგრძელებს კვლევას იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემების გადამოწმებას.
კვლავის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა.
-
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გოჩა კაკოიშვილის ინტერესები მუნიციპალიტეტში განხოციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში
გოჩა კაკოიშვილი მუნიციპალიტეტში გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. არჩევნებამდე 3 თვით ადრე, 2014 წლის 27 მარტს, მისი მეუღლე, ირინა კაკოიშვილი საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა. თუმცა, გოჩა კაკოიშვილს ეს ინფორმაცია 2015 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. ირინა კაკოიშვილმა მუნიციპალიტეტთან, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან (ა(ა)იპ) გამარტივებული შესყიდვის შედეგად 8 ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულებების საგანი ძირითადად საკანცელარიო ნივთების შეძენა იყო. მთლიანობაში ამ ხელშეკრულებების ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან კაკოიშვილმა 1016.5 ლარი მიიღო.
-
კახა შავგულიძესა და ა(ა)იპ "დასუფთავებისა და კეთილმოწყობისა სერვის ცენტრს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება
კახა შავგულიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოზიციას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იკავებს. იგი 2006 წლიდან ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა მას ეს ფაქტი 2015 წლის დეკლარაციაში აღნიშნული არ აქვს. 2015 წლის 5 სექტემბერს, შავგულიძემ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ – "დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრთან" პირდაპირი შესყიდვისხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება 400 ლარს შეადგენდა, ხოლო ხელშეკრულების საგანი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საბოლოო ანგარიშსწორება მხარეებს შორის არ მომხდარა. აღნიშნულის შესახებ ა(ა)იპ-ის დირექტორმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ თანხის გადაუხდელობა კახა შავგულიძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხარისხო შესრულებით და არა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიზეზით იყო გამოწვეული.
-
თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები
მარინა სუქნიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას 2014 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მისი მეუღლე, ზაალ კაპანაძე 2009 წლიდან საჯარო რეესტრში ინდივიდუალურ მეწარმედ არის რეგისტრირებული, თუმცა, ეს ფაქტი სუქნიძეს 2014–2015 წლების დეკლარაციებში არ მიუთითებია.
დავით გამცემლიძე 2014 წლის არჩევნების შემდეგ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ზესტაფონის" თავმჯდომარეა. 2008 წლის 5 სექტემბრიდან ის ინდივიდუალურ მეწარმედ არისრეგისტრირებული, თუმცა ეს ინფორმაცია მას 2014–2015 წლების დეკლარაციებში შეტანილი არ აქვს.
ნუგზარ ფერაძე 2014 წლიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარეა. 2009 წლის 29 მაისიდან ის ინდივიდუალურ მეწარმედ არისრეგისტრირებული, თუმცა, ეს ფაქტი 2014 და 2015 წლების დეკლარაციებში აღნიშნული არ არის.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა. ასევე აკრძალულია საჯარო მოხელის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა გარდა იმ შემთხვევებისა თუ ის არ ფლობს წილს ან აქციებს. ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში კი იკვეთება საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან საწარმოს მართვის ფაქტები, რაც არღვევს "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებული იქნება თანამდებობის პირების მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები განახოციელოს. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მიერ განხოციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს, მისი განხოციელება სწორედ მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ევალება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიმართავს:
საქართველოს მთავარ პროკურატურას:
-
გამოიძიოს ზემოთ აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო შემთხვევები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირებს:
-
გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;
-
გააძლიერონ მონიტორინგის მექანიზმები, რათა არ დაუშვან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა სახელმწიფო შესყიდვების განხოციელებისას;
-
მეტი ყურადღება დაუთმონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შევსებას და მიუთითონ სრულყოფილი ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ", _ აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
"გურია ნიუსი" ცდილობს კვლევაში აღნიშნულ პირებთან დაკავშირებას. მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.