"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" 2012 წლის საპარალმენტო არჩევნებიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს შორის არსებული დაძაბულობის მომსწრე გახდა. ამასთან, 2016 წლის 29 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა მას ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა. კერძოდ, ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში, მას და საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს გაუგრძელდებოდა ვენეციის კომისიის წევრის სტატუსი. ვფიქრობთ, ამ ფონზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის მიმოხილვა საინტერესო იქნება.
16.06.2013 – საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველ თვეებში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პოზიტიური განცხადებებით გამოირჩეოდნენ. 2013 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეხვედრისას განაცხადა, რომ "მისასალმებელია ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გამორჩეულია ზოგადად და მან მოახერხა უფრო სუფთად და კითხვების გარეშე დარჩენილიყო, რაც არსებობდა საზოგადოებაში სასამართლოსადმი ზოგადად. ამ მხრივ მისასალმებელია და მადლობა შეიძლება გადავუხადოთ ბატონ გიორგის (პაპუაშვილს), რამეთუ მისი ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში ეს ფუძნდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პრაქტიკულად შეკითხვები არ არსებობს და პოზიტივის გარდა საზოგადოებაში ვერაფერს ვერ მოისმენ, ეს ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა."
13.01.2014 – იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შეფასებისას აღნიშნა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში იყო წლების მანძილზე და ამჟამადაც არის ის სასამართლო, რომელიც ყველაზე მეტად დარჩა განზე პოლიტიკური პროცესებისგან და წყნარ პირობებში შეძლო საკუთარი თავის, საკუთარი პრეცედენტებისა და ხარისხიანი გადაწყვეტილებების განვითარება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერება იქნება უფრო პროდუქტიული პროცესი."
11.04.2014 – პირველად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ უარყოფითი განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების სარჩელის დაკმაყოფილების შემდგომ გაკეთდა. ხელისუფლების წარმომადგენლები წინა ხელისუფლებასთან კონკრეტული მოსამართლეების კავშირებზე მიუთითებდნენდა ეჭქვეშ აყენებდნენ მათ მიკერძოებულობას. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი სრულად ემთხვეოდა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გამოხატულ პოზიციას.
ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პირების მხრიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ადგილი ჰქონდა სასამართლოს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსა და ქმედებებს. აქციის მონაწილეებმა ასევე დააზიანეს სასამართლოს ქონება. აღნიშნულ ფაქტს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე სახის რეაგირება არ მოყოლია .
06.04.2015 საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები გაკეთდა. მუქარის მიზეზი ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა გახდა, რომელიც სახელმწიფომ ასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანს ჩამოართვა, როგორც უკანონო ქონება და შემდგომში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადასცა. აქციის მონაწილეები ყოფილი მეპატრონისთვის ბინის დაბრუნებას მოითხოვდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, 2015 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა და არც სასამართლოსთვის უცნობებიათ რაიმე ამ თვალსაზრისით მათი საქმიანობის შედეგების შესახებ.
18.09.2015 – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა გახშირდა, რაც ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მოსამართლეების სახლებთან შეკრებილ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის განცხადებებში გამოიხატება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის მიზეზად მან გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება დაასახელა, რომელიც 9 თვეზე მეტი ვადით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას შეეხებოდა. გამართულ აქციებში სხვა პირებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ს თანამშრომლები. აქციის მონაწილეები მოსამართლის საცხოვრებელ სახლს სხვადასხვა საგნებს ესროდნენ . აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე რაიმე სახის რეაგირება ასევე არ მომხდარა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილის და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან აღნიშნული ქმედებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროდ ფასდებოდა. იუსტიციის მინისტრი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურულ დარღვევებში ადანაშაულებდა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან შეკრება, მანიფესტაციის გამართვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გამო, მოსამართლეების მიმართ მუქარა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების ვადები საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი ხშირად ხდებოდა.
12.10.2015 – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ ნორმების მოქმედების შეჩერებას, რომლითაც ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა საბანკო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოყვა. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ცხარე პოლიტიკური დისკუსიის საგანი გახდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო . მმართველი კოალიციის წევრები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს წინა ხელისუფლებასთან კავშირშიადანაშაულებდნენ და რეფორმაც პოლიტიკურად იყო მოტივირებული. განხორციელებული ცვლილებების ამოქმედება ხელს შეუშლიდა ეროვნულ ბანკს კონსტიტუციური უფლებამოსილებისგანხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის წერილით მიმართეს და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მხარი დაუჭირეს.
13.11.2015 – ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკიდურესად მწვავე განცხადებები მოყვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე სადავო ნორმის შეჩერებას. კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შეფასებით აღნიშნული განცხადებები გაჯერებული იყო ზედაპირული პოლიტიკური შეფასებებით, რასაც საერთო არ ჰქონდა სასამართლო აქტების დასაბუთებულ სამართლებრივ კრიტიკასთან. კოალიციის შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში ასევე შესაძლოა, რომ მსგავსი განცხადებები სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობას წარმოადგენდეს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა სასამართლოში ამჟამად მიმდინარე და განხილვის მოლოდინში მყოფი საქმეებთან მიმართებით. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2"-ის სარჩელის განმხილველი ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობის საკითხი დააყენა. საქართველოს პარლამენტს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეს,მიაჩნდა რომ პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კონსტანტინე ვარძელაშვილი და ამავე კოლეგიის წევრი მაია კოპალეიშვილი „რუსთავი 2"-ის სარჩელთან მიმართებით „მოქმედებენ მიკერძოებულად და არაობიექტურად და მოსალოდნელია მათი მიკერძოებული მიდგომა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას".
23.12.2015 – თბილისის საქალაქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ბინა ყოფილი მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა. 2016 წლის პირველ მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას იუსტიციის მინისტრისგან ასევე ჰქონდა შეთავაზება, რომ მოგვარდებოდა აღნიშნული ბინასთან დაკავშირებული პრობლემა, თუ იგი მჭიდროდ ითანამშრომლებდა მათთან.
20.01.2016 – ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუცია მიიღო, რომლის 21-ე პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება. ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზემიუთითებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები „მათ შორის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები სასამართლოს წევრებისა და მათი ოჯახების დასაცავად, ასევე სრულად გამოიძიოს განხორციელებული მუქარის ფაქტები და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს კანონდამრღვევები". 2016 წლის 13 იანვარს გამოქვეყნებული დასკვნით ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსი. კომისარი ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს და დაწესდეს სანქციები შესაბამისი პროცედურების გზით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მაღალჩინოსნების მხრიდან უზრუნველყოფილ იქნას მოსამართლეებისათვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნა. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოს მიმართ გაკეთებული განცხადებები და ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტები ასევე მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციების Amnesty International-ის და Human Rights Watch-ის ანგარიშში, როგორც ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი.
25.01.2016 – იუსტიციის მინისტრმა დააანონსა კონკრეტული საკითხები, რომლებშიც სამინისტრო გეგმავს ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების მიმართულებით. მანამდე იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს გიორგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცედურულ დარღვევებში ადანაშაულებდა. კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" შეფასებით, არსებულ კონტექსტში მინისტრის განცხადება ქმნის განცდას, რომ ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით განპირობებული ქმედება და ერთგვარი რეაქცია მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან.
29.02.2016 – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრმა მას ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა. კერძოდ, თუ ის მჭიდროდ ითანამშრომლებდა ხელისუფლებასთან მას და საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს გაუგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობაა და ასევე მოგვარდებოდა მის საცხოვრებელ ბინასთანდაკავშირებული პრობლემა.
01.03.2016 – იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ მიღებული ქულები გაასაჯაროვა. ამასთან იუსტიციის მინისტრმა მედიასთან მის მიერ გიორგი პაპუაშვილისთვის დაბალი ქულის მიზეზი ასე განმარტა: "გასაუბრებაზე გიორგი პაპუაშვილს დავუსვით კითხვა, ჰქონდა თუ არა დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად ძვირადღირებული ბინა მიიღო და გარეთ დატოვა ორი თუ სამი არასრუწლოვანი ბავშვი. მან თქვა, რომ დისკომფორტი მაინც და მაინც ვერ ექნებოდა. ასეთ ადამიანებს მე მაღალ ქულებს არ ვუწერ."
01.03.2016 – არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, მოსამართლეებთან კომუნიკაციებზე დაყრდნობით, გაკეთებულ იქნა განცხადებები, იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და კონკრეტულ მოსამართლეების მიმართ ადგილის აქვს ზეწოლის მცდელობის ფაქტებს.
02.03.2016 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრის მიერ მის საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებული განცხადების საპასუხოდ, გაასაჯაროვა 2012 წელს საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკის მინისტრებისთვის გაგზავნილი წერილი. წერილში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნავს, მას ბინა, როგორც მოსამართლეს, კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცა, შესაბამისად მას ვერ ექნება კავშირი აღნიშნული საკითხის კანონიერების გარკვევასთან. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციის და ავტორიტეტისთვის საფრთხის შექმნის თავიდან აცილების მიზნით იგი მზად არის განხილულ იქნეს სასამართლოს თავმჯდომარისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი პირობების მოწესრიგების საკითხი, რაც თავისთავად გულისხმობდა სადავო ბინის დათმობას. აღნიშნულ წერილზე პასუხისას, როგორც იუსტიციის ასევე ეკონომიკის სამინისტრომ განმარტეს, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს აღნიშნული ქონების დათმობის ვალდებულება და შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს არც რაიმე ალტერნატივა შესთავაზეს საცხოვრებლის უზრუნველყოფის კუთხით", _ აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.