სახალხო დამცველი ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხდარზე რამდენიმე სახელმწიფო უწყებას მიმართავს.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 24 თებერვალს, სახალხო დამცველმა კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.
კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირი არასრულწლოვანი იყო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დადგებოდა, გამოძიება არ დაწყებულა.
"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თ.ა-ს შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა იკვეთება, თუმცა სკოლის დირექციას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურის ფარგლებში შეტყობინება სოციალური მომსახურების სააგენტოში არ განუხორციელებია. სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა. სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე არ იყო შეფასებული რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო – არ ჩანდა", _ აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს ადასტურებდა, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა.
სახალხო დამცველმა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა, სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, შეისწავლოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები.
სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა, შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ, სკოლის დირექციის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი, ამასთან შეისწავლოს რამდენად სრულდება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ და განახორციელოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებზე.