ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტში მხილებული თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციების ჩასწორებას ცდილობენ.
კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" კვლევის გამოქვეყნების შემდეგ "გურია ნიუსს" ზეტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ ინდმეწარმის სტატუსი გაიუქმა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, მასში ნახსენებ ყველა პირს დავუკავშირდით, რამდენიმე მათგანს არ ახსოვდა, რატომ იყო დაშვებული შეცდომები მათი დეკლარაციების შევსებისას და გადასამოწმებლად დრო ითხოვეს.
ეს პირები აცხადებდნენ, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში "სავარაუდოდ, გამორჩათ".
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ კვლევა 1 მარტს გამოაქვეყნა.
კვლევაში ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემებია გადამოწმებული რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა.
კერძოდ, კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციებში მითითებული არაფერი აქვთ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, მარინა სუქნიძის მეუღლეს, ზაალ კაპანაძეს ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი აქვს, თუმცა, ეს ფაქტი სუქნიძეს 2014–2015 წლების დეკლარაციებში არ მიუთითებია.
კვლევის მიხედვით, მარინა სუქნიძე ზემოთ აღნიშნულ პოზიციას 2014 წლის არჩევნების შემდეგ იკავებს. მისი მეუღლე, ზაალ კაპანაძე კი, ინდივიდუალურ მეწარმედ 2009 წლიდან არის რეგისტრირებული.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, "გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მარინა სუქნიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე ზაალ კაპანაძე ნამდვილად იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ, მაგრამ, მისივე ინფორმაციით, სტატუსი უკვე შეწყვეტილი აქვს.
"როგორც ვიცი, ეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ გაიპარა დეკლარაციაში, შემიძლია გავარკვიო საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში. ვფიქრობ, რომ შეცდომაიყო. ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობს პოლიციის აკადემიის პრორექტორად. არა მგონია, რომ თანინდმეწარმე ყოფილიყო და თან ამ თანამდებობაზე იყოს. ნამდვილად ვიცი, ორივე თანამდებობას ვერ შეითავსებს. თუ რაიმე ხარვეზია, გავასწორებთ", _ აღნიშნა სუქნიძემ და დაგვპირდა, რომ დამატებით დოკუმენტაციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგვაწვდიდა.
ამ კომენტარის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მარინა სუქნიძე "გურია ნიუსს" ისევ დაუკავშირდა და განმარტა, რომ მის მეუღლეს ზაალ კაპანაძეს ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი ჰქონია, რის შესახებაც თავად ინფორმაცია არ ჰქონდა.
"გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონია ინდმეწარმის მოქმედი სტატუსი. უკვე მივმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით", _ აღნიშნა სუქნიძემ.
"გურია ნიუსს" მან ამის აღმნიშვნელი დოკუმენტაციას გადმოუგზავნა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სუქნიძის მეუღლემ ზაალ კაპანაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2016 წლის 2 მარტს მიმართა.
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ კაპანაძეს ინდმეწარმის სტატუსი შეუწყვიტა.
ამავე თემაზე:
კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში
კონსულტაციები "საახლობლოსთან" – კორუფციაში დადანაშაულებული თანამდებობის პირების განმარტებები