გურიაში ფირალებს რა გამოლევდა… ჩვენს საისტორიო წყაროებში გურული ფირალების თავგადასავალი პირობითად დაყოფილია ორ ტალღად: პირველი ფირალების (ⅩⅨ საუკუნის მიწურული) პროტესტს სოციალურ _ ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა, მეორე ტალღის ფირალები (ⅩⅩსაუკუნის დასაწყისი) კი ხელისუფლებაში მისვლისთვის იბრძოდნენ.
ზოგიერთი ცნობილი ფირალის ტყეში გავარდნის ისტორიას მათი თანამედროვეების მონაყოლით კომიკური ელფერიც დაჰკრავდა. აი, როგორ აღწერს ნიკოლოზ მეხუზლას გაფირალების მიზეზს მისი ძმა სიკო.:
”…უწინ ყანაში დიდი ნადურობა იცოდენ, ერჯელ ნიკოლოზაი დაფაიჯეს ნადზე და უთხრეს: ნიკოლოზავ, ჩვენ დევიწყებთ და შენ გუუხმევო. გუუხმო ნიკოლოზამ…
მერე, რუმ ისვენებდენ, ნიკოლოზამ დახედა თოხს და თქვა: ამის ნამუშიერმა რა უნდა მიქნასო, საპონს არ მიყიდისო.
იგი, რუმ ჩივიან თოხი გეიქნია და გადააგდოვო, არაა მართალი. თოხი არ გადუუგდია, მარტო აგი თქვა და მერე ყანაში არც ჩასულა.”
სხვა თანამედროვის თქმით კი: ”ჩევიდა ყანაში, შეხედა, მის თოხს, დაზომა, თოხი ერთი მტკაველი იყო, მერე ყანას შეხედა და თქვა: ამ ერთი ტკაველა თოხით ამხელა ყანა უნდა ვთოხნო და იგიც ჩემი არ იყოსო”.
მეხუზლა ყანიდან გამოვიდა, თოფს ხელი დაავლო და ფირალად გავარდა. მას სახლში დაბრუნება აღარ ეღირსა _ ტყეში გამოასალმეს სიცოცხლეს.
წყარო ირაკლი მახარაძე ,,გურული ფირალები"
ფოტოზე ნიკოლოზ მეხუზლა