ლანჩხუთში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2007 წელს, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის ლანჩხუთში სტუმრობისას დაიწყო. სააკაშვილმა საცურაო აუზის გახსნისას შეამჩნია იქვე, გვერდით არსებული კომპლექსური სასპორტო სკოლის დანგრეული შენობა და მყისიერადაც მიიღო შენობის რეაბილიტაციის დაწყების გადაწყვეტილება.
მალევე გაკეთდა სპორტული დარბაზის პროექტი, რომლის რეაბილიტაციაზე მილიონ 600 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან პროექტის ღირებულების გარკვეული ნაწილი (10 ათასი ლარი) მუნიციპალიტეტმა გაიღო. პროექტი კი გაკეთდა, მაგრამ მშენებლობას აღარ დაადგა საშველი.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სპორტული დარბაზის თემა კვლავ აქტუალური გახდა. იყო გარკვეული იმედები, დარბაზის მშენებლობა 2014 წლისთვის დაწყებულიყო, თუმცა დანაპირები ვერ შესრულდა და მშენებლობა ვერც 2015 წელს დაიწყო.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წელს საქმე წინ წავიდა და გამგეობამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ქ.ლანჩხუთის სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე. მთლიანობაში შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენს და იგი გარდამავალია.
ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის მოლოდინში მყოფი ლანჩხუთელები იმედს იტოვებენ, რომ ეს პროექტი წინამორბედის ბედს არ გაიზიარებს და საქმე ბოლომდე მივა.
ლანჩხუთის ძველი სპორტული დარბაზი