"გური ნიუსის" ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის "9+1" გადაღებები მიმდინარეობს.
რეზიდენციაში მსახიობები ამ წუთებშიც იმყოფებიან, თუმცა უცნობია, ფილმის რომელ ეპიზოდს იღებენ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად გოგა ხაინდრავას დავუკავშირდით, თუმცა მის ტელეფონზე სხვა პირმა გვიპასუხა და აღნიშნა, რომ ხაინდრავა გადაღების პროცესშია.
"ბატონი გოგა ვერ გიპასუხებთ, გადაღების პროცესშია. შეტყობინება დაუტოვეთ და თავად დაგიკავშირდებათ", _ აღნიშნა მან.
აღსანიშნავია ის, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, თუმცა, გასცა თუ არა ეკონომიკის სამინისტრომ ფილმის გადაღების უფლება, პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ.
"ნამდვილად არ ვიცი, რა ფილმს იღებს გოგა ხაინდრავა და მიმდინარეობს თუ არა გადაღების პროცესი ათონელის რეზიდენციაში. ხვალ დამირეკეთ მაგ საკითხზე", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა თეა ბოლქვაძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
"გურია ნიუსი" ცდილობს გოგა ხაინდრავასთან დაკავშირებას და აღნიშნულ საკითხზე მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში განვითარებული მოვლენების ბოლო 11 წელზე მრავალსერიან ფილმს ტელეკომპანია GDS-ის დაკვეთით იღებს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას რეჟისორმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ფილმის ბიუჯეტი არ იცის, რადგან დამკვეთი ტელეკომპანიაა. ხაინდრავას თქმით, ფილმი 24-სერიანი იქნება. ფილმის გადაღებები ყოველდღე მიმდინარეობს და როგორც რეჟისორი ამბობს, პირველი სერიების ნახვა მაყურებელს მაისის ბოლოს შეეძლება.
ამავე თემაზე:
"ფილმი იქნება პირუტყვული გამოვლინებების გარეშე, მაგრამ უმძიმესი კადრებით" _ გოგა ხაინდრავა
ათონელის რეზიდენციის ფოტოგალერეა
შეშის ღუმელი 26-მილიონად გარემონტებული პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ეზოში [ფოტოები]