იმის მიუხედავად, რომ გურია ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიურობით, დღეს რეგიონის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ველზე სათანადოდ არ ჩანან ქალები, რომლებიც მცირედ, მაგრამ მაინც არიან წარმოდგენილი საკრებულოებში, გამგეობების საშუალო რგოლებში, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში. მათი სუსტი მონოლოგები სხდომებზე, თათბირებზე, იქვე იკარგება და ვერ გადადის დიალოგის რეჟიმში, რომელსაც არსებული ვითარების შეცვლა, კონკრეტული პრობლემის მოგვარება მოჰყვება. კიდევ უფრო რთულადაა საქმე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენილ არეალზე _ მკვეთრი გენდერული დისბალანსია კერძო სექტორში, სოფლებში.
ამ დისბალანსის აღმოფხვრას, "გურიის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიაც" ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ 2013 წელს დაამტკიცა.
სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაცია "Post-ალიონი" და "გურია ნიუსი" გთავაზობთ გადაცემათა ციკლს "მონოლოგიდან-დიალოგამდე", რომლის მთავარი მოქმედი პირები გურიაში მცხოვრები ქალები იქნებიან. ასევე, გავაშუქებთ ყველა იმ შეხვედრას, ღონისძიებას, სიახლეს და აქტივობას, რომელიც გენდერულ თანასწორობას, ქალთა აქტივობას უკავშირდება.
პირველი გადაცემა "G_Newsv TV"_ის ეთერში სამშაბათს გავიდა.
გადაცემის პირველი ბლოკი თბილისში გამართულ საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მესამე კონფერენციას _ "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" დაეთმო.
კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობაში მოღვაწე ქალბატონები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს 2015 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში და იმსჯელეს ფორუმის სამომავლო გეგმებზე.
მსჯელობის მთავარ თემებს შორის იყო საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმისათვის პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა გენდერული კვოტირება, ადგილობრივ დონეზე ქალთა როლის გაძლიერება, სკოლამდელი განათლება და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა.
"გურია ნიუსთან" საუბრისას, ფორუმის მონაწილე ქალბატონებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც რეგიონებში აწყდებიან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ მაია პაიჭაძემ აღნიშნა, რომ გადასახედია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების ბიუროების დაკომპლექტების საკითხი, რომელიც არაგენდერულია:
_ პარტიული თვალსაზრისით მეტი მუშაობაა საჭირო. მე პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოვადგენ და ჩვენი, ადგილობრივი, პარტიული ბიურო მამაკაცებითაა დაკომპლექტებული. მქონდა პრეტენზია და სურვილი, ვყოფილიყავი ბიუროს წევრი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობების უფრო მეტი რეალიზება შემიძლია. თუმცა, რაღაც პროცესების შედეგად, ამ თემის გაშლა არ მოხდა და ვფიქრობ, რომ ეს თემა გადასახედია, _ აღნიშნა მაია პაიჭაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი მანანა მინდაძე ამბობს, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრა ქალებს უფრო მარტივად შეუძლიათ.
_ არსებობს თემები, რომლებიც როგორ ქალისთვის, როგორც დედისთვის, როგორც მოქალაქისთვის, უფრო მნიშვნელოვანია და ქალი უფრო იგებს ამას _ ადვილია ამომრჩევლის საუბარი ქალ პოლიტიკოსთან. ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი _ სოციალური, უმუშევრობა, რომელიც ქალ ამომრჩეველს ძალიან აწუხებს და ქალი პოლიტიკოსი მისთვის უფრო მისაღებია, _ მიიჩნევს მანანა მინდაძე.
დღეს არსებული სტატისტიკით, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში, ასევე პარლამენტში, ქალთა წარმომადგენლობა 12 პროცენტს არ აღემატება. ტრადიციად დამკვიდრებული ღონისძიების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ "რაც უფრო მეტი ქალია ადგილობრივ თვითმმართველობაში, მით უკეთ პასუხობს ის ადამიანების უშუალო საჭიროებებს". ამას პოლიტიკაში მყოფი მამაკაცებიც ეთანხმებიან, თუმცა მხოლოდ სიტყვიერად, რაც ქალი პოლიტიკოსების სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში ასევე მყარია სტერეოტიპი: ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალი "კუხნაში" უნდა იყოს და არა პოლიტიკაში.
გადაცემის მეორე ბლოკში პროექტის დეტალებზე და მნიშვნელობაზე პროექტის დირექტორმა, ია მამალაძემ ისაუბრა:
_ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს გურიის რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივ პოლიტიკურ სპექტრში მომუშავე ქალების საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, მათ კონსოლიდაციას, მონოლოგიდან დიალოგის რეჟიმში გადასვლას, მაღალმთიან სოფლებსა და ჩაკეტილ თემებში მცხოვრებ ქალებთან მათ დაახლოებას, ამ თემებში არსებული პრობლემების ერთობლივად ინდენტიფიცირებას და ლობირებას; ასევე, მესამე სექტორთან და მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების და იმპლემენტაციისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გენდერული თანასწორობის საკითხების წამოწევა და ადგილობრივ ლიდერ ქალთა გააქტიურება სწორედ ახლა, როცა წინ გველოდება საარჩევნო სამწლიანი ციკლი და პოლიტიკური სპექტრი ვერბალურად გამოხატავს მზაობას გენდერული ნიშნით კვოტირების შესახებ, _ აღნიშნა მამალაძემ.
პროექტი _ "მონოლოგიდან _ დიალოგამდე" ითვალისწინებს 10 თვის განმავლობაში გადაცემების, ბეჭდური პუბლიკაციების მომზადებას, შეხვედრებს ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, სოფლებში. ასევე, აქტიურობას სოციალურ ჯგუფებში, ბლოგების კონკურსს _ ქალები, რომლებიც ბლოგებს დაწერენ და ყველაზე მეტ მკითხველს მოაგროვებენ, დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით. ასევე, დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც ქალების მიერ იქნება ინიცირებული.
პროექტის ფარგლებში გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოღვაწე ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ კარგად გაიცნონ ერთმანეთი, ისაუბრონ პრობლემებსა და მიღწევებზე, დაგეგმონ შემდგომი ერთობლივი საქმიანობები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება. ასევე, ამ შეხვედრებზე დაიგეგმება პროექტით გათვალისწინებული აქტივობების გეგმა-გრაფიკები _ გასვლები სოფლებში, შემდგომი შეხვედრები, იდენტიფიცირებული პრობლემების ლობირების გზები და საშუალებები.
შეხვედრები მოეწყობა ადგილობრივი ლიდერი ქალების, მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით იმ სოფლებში, სადაც რელიგიური უმცირესობა ცხოვრობს:
_ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ისეთ სოფლებში, სადაც გარკვეული მიზეზების გამო, რელიგიურ განსხვავების და განვითარების სხვადასხვა დონის გამო, რადგანაც მაღალმთიანია, მაღალმიგრაციულია, ქალების ხმა, პრაქტიკულად, არ ისმის. ჩვენ გვინდა რომ მონოლოგიდან, როცა ქალი მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს ძირითადად "კუხნაში", გამოვიდეს და ჩაერთოს დიალოგში და ამ დიალოგმა რაც მთავარია, შეცვალოს მის გარშემო საარსებო ვითარება. თუკი ცვლილება არ მოჰყვა მის საუბარს და დიალოგს, ამ შემთხვევაში ეს პროექტი ისევე დასრულდება, როგორც არაერთი დასრულებულა, _ მიიჩნევს ია მამალაძე
ია მამალაძის განმარტებით, სოფლებში მცხოვრებ ქალებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ მათ საცხოვრებელ გარემოში არსებულ პრობლემებზე, მათ სურვილებსა და მოთხოვნებზე. სტუმრებს კი საშუალება ექნებათ მათ გაუზიარონ ცოდნა, თუ რატომაა საჭირო მიმდინარე პროცესებში ჩართვა, საზოგადოებრივი აქტიურობა, მოთხოვნების რეალიზების რა გზები და საშუალებები არსებობს და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია.
_ ამ შეხვედრებზე გაჟღერებული მოგვარებადი პრობლემების გადაჭრის ლობირება პროექტის ძირითადი მიზანია და მასში ჩართული ბენეფიციარი მედიის, მესამე სექტორის და ლიდერი ქალების მთავარ "სამიზნეს" წარმოადგენს, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ია მამალაძემ.
ია მამალაძე მიიჩნევს, რომ პროექტის განმავლობაში საზოგადოება ბევრ საინტერესო სახეს გაიცნობს:
_ გადაცემა თვეში ორჯერ გავა "გურია ნიუსის" ინტერნეტ ტელევიზიის ეთერით. გადაცემის ბეჭდური ვარიანტს მკითხველს გაზეთი "გურია ნიუსი" შესთავაზებს, ასევე გამოქვეყნდება "გურია ნიუსის" ვებგვერდზე. გარდა აქტივობებისა, მსჯელობისა, გადაცემის ძირითადი ნაწილი დაეთმობა ქალების პორტრეტებს. იმ ქალების, რომლებიც გურიაში საქმიანობენ. პოლიტიკოსი ქალების, საზოგადოებაში აქტიურად მოღვაწე ქალების პორტრეტები გაკეთდება იმისთვის, რომ მათ სხვებმაც მიბაძონ და სახლებიდან გამოვიდნენ. მე მჯერა, რომ ჩვენი გადაცემის გმირები იქნებიან ძალიან საინტერესო ქალები, რომლებიც ახლა, გარკვეულწილად, ჩრდილში დგანან და ჩვენ ბევრ, ძალიან საინტერსო ქალ რესპონდენტს აღმოვაჩენთ, _ თქვა გადაცემაში სტუმრობისას ია მამალაძემ.