საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაუფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შუამავლის მეშვეობით დადების შემთხვევაშიც კი, მსესხებელი კრედიტორის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა შუამავალთან.
სასამართლომ განმარტა, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ ეს არ ხდება კრედიტორის თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო, დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება არა რეგრესული მოთხოვნის, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) საფუძველზე.
„სამოქალაქო საქმე შეეხება ნ. ა.-ს სარჩელს, რომლითაც მოსარჩელემ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ლ. მ.-ისა და მ. ნ.-ის მიმართ და მოითხოვა, ნოტარიუს ლ. ბ.-ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 30.04.2012წ.-ს ნ. ა.-ესა და ლ. მ.-ეს შორის მ. ნ.-ის შუამავლობით გაფორმდა სანოტარო აქტი „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზე ლ. მ.-ემ, როგორც „იპოთეკარმა“ ნ. ა.-ეს, როგორც „მესაკუთრეს“ სესხად გადასცა 5500 აშშ დოლარი, ორი თვის ვადით, 4% სარგებლის გადახდის პირობით. სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ. ა.-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროცენტო სარგებელს მოსარჩელე გადაიხდიდა შუამავალ – მ. ნ.-თან. 26.02.2014წ.-ს ლ. მ.-ის მოთხოვნით ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიშიც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა 5500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2013 წლის 01 აგვისტოდან 1800 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, მას შუამავალ მ. ნ.-ის მეშვეობით, გადახდილი აქვს როგორც სარგებელი, ისე, ძირითადი თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 26.02.2014წ.-ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო შუამავლის მეშვეობით,ამასთან, 11 თვის განმავლობაში სესხის პროცენტს იღებდა და გამსესხებელს გადასცემდა შუამავალი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებლისათვის სავარაუდო იყო, რომ შუამავალთან ვალდებულების შესრულებით, ვალდებულებას ასრულებდა კრედიტორთან. ამდენად, შუამავლის მიერ შესრულების მიღებით, შედეგები წარმოიშვა კრედიტორისათვის.
მითითებულ გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილი ლ. მ.-ის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად საკასაციო პალტამ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ნ.ა.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
უზენაესმა სასამართლომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლით განმარტა, რომ განსახილველი ნორმა ითვალისწინებს უფლებამოსილი პირის მიმართ ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ნორმის სწორი განმარტების მიზნებისათვის პირველ რიგში, იგი, განხილული უნდა იქნეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალურ ნორმებთან ერთობლიობაში. ამგვარი მიდგომა განპირობებულია სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტის თავისებურებით, რომლის ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში,მიუხედავად იმისა, რომ „სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება“ გაფორმდა შუამავლის მეშვეობით, მოვალეს/მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება მაინც კრედიტორის/გამსესხებლის წინაშე უნდა შეესრულებინა, რადგან რაიმე მითითებას შუამავლისათვის ძირითადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება არ შეიცავდა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შესრულების მიღების ადრესატის განსასაზღვრად. საკასაციო პლატის მიერ შუამავლისათვის თანხის გადახდაზე მოსარჩელის მითითება, კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულებად არ იქნა მიჩნეული და განიმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ მოვალეობებს, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოცემულ გადაწყვეტილებაში, საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ვალდებულების სუბიექტებსა და ვალდებულების შესრულების სუბიექტბზე და განმარტა, რომ ვალდებულების სუბიექტებიყოველთვის არიან კრედიტორიდა მოვალე, ვალდებულებაკი მოვალის ნაცვლადშეიძლება შეასრულოს სხვაპირმა და შესრულებამიიღოს არა კრედიტორმა,არამედ სხვამ.როგორც წესი, მოვალე თვითონ ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. ზოგჯერ კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეუსრულებს მას ვალდებულებას – მოვალე თუ მესამე პირი. მისთვის მთავარია, მიიღოს შესაბამისი დაკმაყოფილება (მაგალითად, დაუბრუნდეს ვალი).
საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია არა მხოლოდ ის, თუ ვინ ასრულებს ვალდებულებას, არამედ ისიც, თუ ვის მიმართ ხდება შესრულება. ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება. ასეთად, პირველრიგში, ითვლება უშუალოდკრედიტორი. ამასთან, ესუკანასკნელი არ არისერთადერთი პირი, რომლისმიმართაც შეიძლება შესრულდესვალდებულება. ეს შეიძლებაიყოს კრედიტორის კანონისმიერიან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირისასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლებაგანისაზღვროს.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ ეს არ ხდება კრედიტორის თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. მოვალეს ვალდებულების დარღვევის გამო, დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თავის მხრივ, მოვალეს უფლება აქვს არაუფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებისას, მოითხოვოს მისგან შესრულების უკან დაბრუნება არა რეგრესული მოთხოვნის, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების (სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი) საფუძველზე“, _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.