ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საინფორმაციო სააგენტო "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილს "გვესაჭიროება ეტლი, მაგრამ შესაძენად ფული არ გვაქვს", ეხმაურება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრები დავით კიკვაძის ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა.
"პრობლემების მეტი რა გვაქვს. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელი. ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ სკოლაში ვერ დამყავს, რადგან ამის საშუალება არ მაქვს. დათუნა 16 წლისაა და გვესაჭიროება ეტლი, მაგრამ შესაძენად ფული არ გვაქვს და ყველას ვთხოვთ, იქნებ მოგვაქციონ ყურადღება! სოციალური დახმარება გვქონდა, მაგრამ მოგვიხსნეს." – ამბობდა ჩვენთან საუბრის დროს დავით კიკვაძის დედა, ციური კიკვაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსის ეკატერინე მგელაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დავით კიკვაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან მუნიციპალიტეტმა 150 ლარი გადაურიცხა. კიკვაძეების ოჯახს ასევე გადაეცა 150 ლარის ღირებულების სოციალური პაკეტი, სურსათი და საკვები პროდუქტები. დავით კიკვაძეს მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ეტლსაც გადასცემს.