ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ისტორიული ქალი მოღვაწეების – ქრისტინე შარაშიძისა და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანი იყო ომ ქალი მოღვაწეების წვლილის გახსენება და წარმოჩენა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი თემის, რეგიონის და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში, ასევე ზოგადად ქალთა მოძრაობის განვითარებაში.
ქრისტინე შარაშიძე და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები, წარმოშობით გურიიდან (სოფლები ბახვი და სამღვთო (ზემო ნატანები). ისინი 1919-21 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ პროცესებში.
წარმოშობით გურული პოლიტიკოსი ქალების შესახებ ისტორიკოსმა, ქალაქ ოზურგეთის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა გაგუამ ისაუბრა.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველ პარლამენტში 130 დეპუტატიდან იყო ხუთი ქალი პარლამენტარი და ამათგან ორი გახდათ გურიიდან. მინდა გითხრათ, რომ ქალები მეოცე საუკუნის დასაწყისში ძალიან აქტიურად იბრძოდნენ პოლიტიკური უფლებებისთვის ევროპაში და ამერიკაში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ქართველმა ქალებმა თავისი პოლიტიკური აქტიურობით გაუსწრეს კიდეც ევროპელ და ამერიკელ ქალებს." – გვითხრა ნანა გაგუამ.
ინფორმაციისთვის, ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1887 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში. ის იყო ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში. 1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის – მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. ამ წრის წევრებმა რამდენიმეჯერ გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა. 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში.
1910-იანი წლების ბოლო პერიოდში პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ასწავლიდა სხვადასხვა კერძო სკოლაში. მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ კომიტეტში, მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1917-1921 მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" სარედაქციო კოლეგიაში.
1919 წელს არჩეულ იქნა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში როგორც სოციალ- დემოკრატიული პარტიის წევრი. შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა. პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე სვამდა. მის ყველაზე მამაც ნაბიჯად 1922 წელს ოკუპაციის გაპროტესტებას მიიჩნევენ. 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლის თავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა.
შარაშიძე რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი. 1964 წლამდე მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო. მიუხედავად რეპრესიებისა, იგი არ შეშინებულა და 1953 წლის 21 თებერვალს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, ვაშლოვანის ქუჩიდან გამოსვენების დროს, აკაკი შანიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, დაკრძალვისას სიტყვით გამოვიდა და გარდაცვლილს პატივი ბოლომდე მიაგო.
1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე. 1958-1964 მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი. 1941-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომი "პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722)" ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი, იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების "სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები სამ ნაკვეთად" ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ.
გარდაიცვალა 1973 წელს. მისი პირადი არქივი: ბიოგრაფიის ამსახველი მასალები, შემოქმედებითი, მიმოწერა, ფოტოები და სხვადასხვა მასალები, ჯამში 2938 საარქივო საქმე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე დაიბადა 1885 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღვთოში. ის იყო ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.
დაიბადა თავად იოსებ ნაკაშიძის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება; პროფესია კოოპერატორი. 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის, იყო გურიის კომიტეტის წევრი. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაშლის შემდეგ ნაკაშიძე გადაასახლეს ამიერკავკასიიდან და დაბრუნდა მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. 1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს "გურიის ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარედ. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.
1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ ჩეკას დადგენილებით "მენშევიკური პარტიის" 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე გადაასახლეს ურალის მხარეში. ამავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს მისი მამა – იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. ჩეკამ მისი ბრალდების ფაქტებით დასაბუთება ვერ მოახერხა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობების მიუხედავად იოსებ ნაკაშიძე მაინც დატოვა პატიმრობაში რამდენიმე თვით; იოსებ ნაკაშიძე გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა.
1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა გადასახლებულთა ნაწილს უფლება მისცა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. ლიზა ბოლქვაძე-ნაკაშიძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. მან განაგრძო ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობა, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას მდივანმა. 1926 წლის 22 თებერვალს, ელეონორა მახვილაძის დაპატიმრების შემდეგ ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა და ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი.
1926 წლის 29 ივნისს ის ჩეკამ დააპატიმრა. 8 ივლისს, დაკითხვაზე უარი თქვა მიეცა ინფორმაცია პარტიული კავშირების და პარტიის მდგომარეობის შესახებ; მართალია აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო არალეგალური ანტი-საბჭოთა საქმიანობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ სცნო. 1926 წლის 24 ივლისს ის მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც 20 აგვისტოს ლიზა ბოლქვაძეს 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში. 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით; 1930 წლის 18 იანვარს კი გადასახლების ვადა 3 წლით გაუგრძელეს. 1933 წლის 4 თებერვალს სასჯელი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს ურალსკის მხარეში ცხოვრების უფლებით.
გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში.1936 წლის დასაწყისში შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდი ჯგუფი დააკავა; ძიების ვერსიით, გადასახლებაში ჩამოყალიბებული ურთიერთდახმარების არაფორმალური მექანიზმების, მიმოწერის და შეკრებების უკან კონტრრევოლუციური ორგანიზაცია ინიღბებოდა, რომლის მთავარი ორგანიზატორი – ლიზა ბოლქვაძე და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იყვნენ.
ლიზა ბოლქვაძე შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ 1936 წლის 4 აპრილს დააპატიმრა. 1936 წლის 21 სექტემბერს მას 5 წლით გადასახლება მიესაჯა კრასნოიარსკის მხარეში. 1936 წლის 6 ნოემბერს ლიზა ბოლქვაძე კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში. 1937 წლის 13 თებერვალს, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის მხარის პროკურატურის მიერ.
შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები.