"ვრცელდება ინფორმაცია, სამხარეო რწმუნებულების – გუბერნატორების ცვლილებების თაობაზე. მინდა გითხრათ, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!" – ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში, პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციები პრაქტიკულად სიმბოლური გახდა ქვეყნის შიდა პოლიტიკის განსაზღვრაში განსაკუთრებით და გუბერნატორები დაუქვემდებარეს პრემიერის ინსტიტუტს ანუ მთავრობას. ამავდროულად, მას შემდეგ რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის შესაბამისად მერების(გამგებლების) არჩევნები გახდა პირდაპირი წესით და მისი ფუნქცია-მოვალეობები საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნებამაც აზრი დაკარგა.
"იგი ამ ხელისუფლების ხელში მხოლოდ დასაქმების ადგილად იქცა, სადაც არის მაღალი სახელფასო და საპრემიო ფონდი.
ასე,რომ ვის მოხსნიან, ვის დანიშნავენ, აზრი საქმისთვის და მოსახლეობის ინტერესებისთვის არ აქვს. მის ამ სახით შენარჩუნებას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიზნით აქვს აზრი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის და ეს ისედაც გაჭივრებულ ქვეყანას მილიონობით ლარი უჯდება!" – თქვა კახა ასკურავამ.