სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა.
პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.
ბიზნესკონტაქტის ინფორმაციით, 381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.
საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.
რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.
ამ საგანგაშო შედეგებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი რეფორმის არარსებობაა:
_ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც უკვირთ – საკითხი ისედაც ცხადია და კიდევ უფრო მძიმედ გაცხადდება წლების შემდეგ – რამდენიმე მიზეზის გამო: ქვეყანაში რეალურად არ მომხდარა განათლების სისტემის ზედმიწევნითი რეფორმა, მათ შორის პედაგოგთა კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
ვთქვათ მწარე სიმართლე: მასწავლებელთა თემი საარჩევნო თვალსაზრისით მომგებიან ჯგუფად ითვლებოდა და ითვლება. ეს რყვნის დამსაქმებელსაც: თვალს ხუჭავს და ინერციას ინარჩუნებს და დასაქმებულსაც: იცის, რომ ამის გამო მათ სკოლიდან არავინ გააგდებს:
ა) ხმების დაკარგვის შიშით ბ) არ არის კადრი, რომლითაც ჩაანაცვლებენ. ეს ბ) პუნქტი შეიძლება გაცილებით მნიშვნელოვანი და კომპლექსურია.
ჩემი ორასი კურსელიდან, რომელთა კვალიფიკაციაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, მხოლოდ 5 პროცენტი მუშაობს ამ პროფილით და ისიც პარალელურად რეპეტიტორია.
მიზეზი მარტივად ამოსაცნობია: დაბალი ანაზღაურება. იმედს ვიტოვებ, რომ გუშინდელი, მორიგი მკაფიო მარცხის შემდეგ, დაიწყება ფიქრი კომპლექსურ ცვლილებებზე. საკითხი ქვეყნის მომავალს ეხება, ამ სიტყვების უკიდურესად რაციონალური გაგებით, _ წერს კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.