ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროკურატურაში მოწმის სახით არიან დაბარებულები.
მაკა რაზმაძემ ჟურნალისტებთან კომენტირებისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთ პირველს ჩაუგდეს თავდაპირველად ინბოქსში, ხოლო შემდეგ ფეისბუქის გვერდზე აუტვირთეს სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.
ჯღარკავას განმარტებით, თავად იმ პოლიტიკოსის სახელით გაკეთებული ექაუნთით ფეისბუქში კომენტარებში ჩაუგდეს ვიდეოკადრები.
ჟურნალისტების დაკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში ორ საათზე მეტია მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე.