დღეს, 12 მარტს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში რუსეთმა ბორჯღალოსნებს სოჭში უმასპინძლა. ყოფილ სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე, რომელსაც დღეს "იუგ სპორტი" ეწოდება, ქომაგებიც საკმარისად შეგროვდნენ. როგორც სოჭში ტრადიციულად ხდება, უხვად მოვიდნენ ადგილობრივი ქართველები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ ბორჯღალოსნებს.
ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" რაგბის ევროპის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, თუმცა წინ უმნიშვნელოვანესი და პრინციპული მატჩია რუმინეთის წინააღმდეგ. ეს მატჩი ერთ კვირაში, 19 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.
დღევანდელ მატჩში ნაკრებმა სამი ლელო მიითვალა. მატჩის დასაწყისში ანგარიში ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა – 3:0
მალევე მეტოქის ლელოს ხაზი თამაზ მჭედლიძემ გადაკვეთა. მჭედლიძის ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა – 10:0. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმში რუსეთის ლელოში ანტონ ფეიქრიშვილმა დაამიწა.
მორიგი 5 ქულა ბორჯღალოსანთა ყულაბას გიორგი ნემსაძემ მიამატა. კვირიკაშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო – 24:0
მატჩის დასრულებამდე ერთი ლელო მასპინძლებმა გაქვითეს. შეხვედრა 24:7 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა.