გაზაფხულის დასაწყისისთვის, როცა საგულდაგულოდ შენახულ სხვადასხვა ბოსტნეულთა თესლს ამოვიღებთ ტომსიკიდან, სათითაოდ გავხსნათ თითოეული შეკვრა და ასევე სათითაოდ კიდევ ერთხელ გადავარჩიოთ. დავტოვოთ უფრო ხარისხიანი თესლი და ერთი დღით ღია აივანზე, მზის გულზე გავანიავოთ.
განსაკუთრებით დავაკვირდეთ ლობიოს თესლს, რომელსაც ხშირად უჩნდება პეპელა, რომლის შემჩნევა შენახვის დროს შეუძლებელია. გოგრის და კიტრის თესლი ფრთხილად დავამუშავოთ ხელის გულებით და გავათავისუფლოთ ყოველგვარი თხელი აპკისგან, რაც შრობის შემდეგ რჩება თითოეულ მარცვალზე. ყოველივე ეს საჭიროა იმისთვის, რომ კარგად აღმოცენდეს.
თებერვლის ბოლოს თითოეული სახეობის ბოსტნეულის თესლი გავყოთ და ნაწილი შევინახოთ ღია გრუნტში დასათესად, ნაწილი კი დახურულ გრუნტში დავთესოთ, რომ საადრეო მოსავალი გვექნეს. ეს არ ეხება გოგრას, რომელიც აუცილებლად თებერვლის ბოლოს უნდა დაითესოს. თუ თესლი ბევრი რაოდენობით გვაქვს, მით უკეთესი. შეინახეთ ის მომავალი სეზონისთვის, რაც კიდევ უფრო უკეთესია მაღალი მოსავლიანობისთვის. მაგალითად, კიტრის თესლი, თუ ორი ან სამი წლისაა, უკეთეს მოსავალს იძლევა და მასზე ცრუ ყვავილები ნაკლებად ჩნდება.
დათესვის წინ, უმჯობესია, ერთი დღე-ღამის განმავლობაში თესლი წყალში დავალბოთ, დათესვამდე ერთი საათით ადრე კი ამოვიღოთ, კარგად მომზადებულ ნიადაგში დავთესოთ დავხუროთ ორმაგი ცელოფნით. დათესვისთანავე მორწყვა არაა სასურველი, რადგან თესლი დამბალია და ნიადაგი ამ დროს ისედაც ნოტიოა.