გაზაფხული კარს მოგვადგა და ყველა ცდილობს, საკარმიდამო ნაკვეთი ახალი ნარგავებით გადაახალისოს ან სულაც ხეხილოვანთა ახალი ბაღი გააშენოს. საამისოდ აუცილებელია ნიადაგის სწორად შერჩევა. დავიხსომოთ და გავითვალისწინოთ.
ალუბალი კარგად ხარობს დრენაჟიან (თხრილების, არხების ან მიწისქვეშა მილების საშუალებით დაწრეტილ ნიადაგზე) თუ ის საერთოდ გამოსადეგია ხეხილისთვის.
შინდი ძალიან პრეტენზიული არ არის ნიადაგის მიმართ, თუმცა, უფრო ვერ ეგუება დამლაშებულ და ჭარბტენიან ნიადაგს. ამიტომ მზიან, შემაღლებულ, დამრეც ადგილზე უნდა დავრგოთ, რომ ფესვთა სისტემის ირგვლივ ტენს დაგროვების საშუალება არ ექნეს.
ვაშლი კარგად ხარობს როგორც მძიმე თიხნარზე, ისე მსუბუქ ქვიშნარზე. მისთვის საუკეთესოდ ითვლება საკმაოდ ტენიანი და კარგად დრენირებული ქვეთიხნარები.
მსხალი კარგად ხარობს ტენიან, ფხვიერ, ღრმა თიხნარ ნიადაგზე, მშრალი ნიადაგის პირობებში კი დაბალ მოსავალს იძლევა.
კენკროვანები _ მარწყვი, ჟოლო, მოცხარი თუ სხვა, არაერთი ხეხილოვანი მცენარის მსგავსად, ნიადაგს არ უყენებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს. მათ გასაშენებლად ნიადაგი ადრიანად უნდა დამუშავდეს და კარგად გაფხვიერდეს, მცირე ბელტებიც კი არ უნდა დაგვრჩეს დაუშლელი. ბოლო პერიოდში ძალზე პოპულარული ხდება მარწყვის კულტურა. როცა დავრგავთ, მარწყვის რიგთაშორისების მანძილი 50 სმ უნდა იყოს, მცენარეთა შორის კი _ 25 სმ.
ტყემალი, ალუჩა თუ ღოღნოშო ნებისმიერი სახის ნიადაგს კარგად ეგუება. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ, დარგოთ ყველანაირ მიწაზე. რა თქმა უნდა, ნაკელით გამდიდრება მუდამ სასურველია ნებისმიერი ნიადაგისთვის, ნებისმიერ რეგიონში.
ზოგადად, ახალი ხეხილოვანების თუ კენკროვანების დარგვისას უნდა გავითვალისწინოთ იმ რეგიონის აგროკლიმატური და ნიადაგობრივი პირობები, სადაც ნებისმიერი ფერმერის ნაკვეთი მდებარეობს, რათა სწორად შეარჩიოს გასაშენებელი კულტურა და ჯიში. ხეხილის გახარება, ზრდა-განვითარება, მოსავლიანობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდად არის დამოკიდებული ნიადაგზე, მის სტრუქტურასა და ნაყოფიერებაზე.