დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და მერის მოადგილე კობა დუნდუა იმ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომელთაც ქალაქის მერიამ ყოფილი სამშობიაროს ახალგარემონტებულ შენობაში საცხოვრებელი ფართები გადასცა. შეხვედრაზე, ასევე, ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ფართი გადაეცათ, მაგრამ ამ დრომდე თავშესაფარში არ გადასულან.
51 მობინადრედან 15 ოჯახს თავშესაფარში ცხოვრება ჯერჯერობით არ დაუწყია. როგორც აღინიშნა, ხელშემშლელი მიზეზი პირადი პრობლემებია, რომელთა მოგვარების შემდეგაც მობინადრეები მათთვის განკუთვნილ ფართებს დაიკავებენ. ქალაქის მერის თქმით, უახლოს დღეებში თავშესაფრის ეზოში გარე განათებაც დამონტაჟდება.
"ქალაქის მერიის მთავარი ამოცანა უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და მათთვის საჭირო პირობების შექმნა გახლდათ. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც წლებია საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ, უკვე შეექმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები. იმ ოჯახებს კი, რომლებიც ამ დრომდე იქ არ ცხოვრობენ, ვთხოვთ, დროულად მოაგვარონ ხელშემშლელი ფაქტორები და ორი კვირის განმავლობაში ფართები დაიკავონ, ვინაიდან გარემონტებულ ბინებს ყურადღება სჭირდება."- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
დღეს, ასევე, ქალაქის მერმა ამავე თავშესაფარში მარტოხელა და სოციალურად დაუცველ სამი შვილის დედას, შორენა ბერიძეს ოროთახიანი ბინა გადასცა.
ამ დროისათვის მობინადრეთა აბონენტებად დარეგისტრირების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მაცხოვრებლები ინდივიდუალურად გადაიხდიან. ამ დრომდე ბენეფიციართა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ქალაქის მერია უზრუნველყოფს.
(R)