ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებს ბოლო პერიოდში მგლები შეეჩვივნენ. ადგილობრივების თქმით, თითქმის ყოველ საღამოს მგლები საქონელს ესხმიან თავს.
_ მგლები სოფელში არავის უკვრის, თუმცა, ლამისაა სახლებში შემოგვივარდნენ. ჩვენ კი, მათი მოკვლის უფლება არ გვაქვს. ჩვენთან ცხოველებს უფრო იცავენ ვიდრე ადამიანებს,_ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სურებლებმა, რომლებიც მთავრობას სთხოვენ ქმედითი ღონისძიებები გაატარონ და მათ მგლის მოკვლის უფლება მისცენ:
_ დღეს საღამოს ერთ-ერთი ოჯახის კარმიდამოში შევარდა მგელი და საქონელს თავს დაესხა. ძაღლმა წინააღმდეგობა გაუწია. მათ გაშველებაში ორი ადამიანი ჩაერთო და ორივე დაკბენილია, _ ასეთი შეტყობინება "გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა.
როგორც გავარკვიეთ, დაზარალებულები ამ წუთებში კლინიკა "მამქოლში" იმყოფებიან. მკურნალი ექიმის, პოლინა დგებუაძის თქმით, დაზიანებები ახალგაზრდებმა ძაღლის და მგლის გაშველების მცდელობის დროს მიიღეს:
_ გაშველების დროს ძაღლმა, კავკასიურმა ნაგაზმა დაკბინა ორივე მათგანი. როგორც მითხრეს მგელი გაიქცა. ჭრილობები საგანგაშო ნამდვილად არ არის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დგებუაძემ.