თბილისის საქალაქო სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ გავრცელების ფაქტზე ბრალდებულების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფისათვის ბრალდებულ ზურაბ ჯ.-სა და ირაკლი ფ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.
სასამართლოში განმარტავენ, რომ წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ ჯ.-მ უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ირაკლი ფ.-ს ბრალად ედება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვება, შენახვა და გავრცელება, ჩადენილი ანგარებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
"საქმე ეხება, საზოგადოებისათვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი ბრალდებულების მხრიდან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. შესაბამისად, სახეზეა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ბრალად წარდგენილი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებობდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რეალური საფრთხე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 აპრილს, 12:00 საათზე.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ნაწილში განჩინება საჩივრდება ერთჯერადად, მისი გამოცხადებიდან 48 საათში, თბილსის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში", -ნათქვამია განცხადებაში.