ამერიკელი მომღერალი, ფრენკ სინატრა უმცროსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
როგორც ცნობილია, ის ფლორიდის ქალაქ დეიტონა-ბიჩში კონცერტის ჩასატარებლად იყო ჩასული, როდესაც გულის შეტევა დაემართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენკ სინატრა უმცროსი მამის მუსიკალურ ბიზნესში თინეიჯერობის ასაკიდანვე ჩაერთო, ხოლო მოგვიანებით ფრენკ სინატრას მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი გახდა.
მაუწყებლის ცნობით, 19 წლის ასაკში ფრენკ სინატრა უმცროსი გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გაიტაცეს.
როგორც ცნობილია, ფრენკ სინატრამ შვილის ტყვეობიდან გამოსახსნელად 240 000 $ გადაიხადა, რომელიც გამტაცებლების დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა უკან დაუბრუნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფრენკ სინატრა უფროსი 1998 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.