მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები იმპორტის შეზღუდვაზე მათთვის მიცემული ერთწლიანი ვადის მინიმუმ 2 წლამდე გაზრდას მოითხოვენ. როგორც ჯეი.ეფ.აი.სი-ს დირექტორმა ზვიად ზიზიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთი წელი არ არის საკმარისი ვადა, რომ აღნიშნულ საქმიანობაში ჩადებული ინვესტიციების ამოღება მოხდეს და საჭიროა აღნიშნული ვადის 2 წლამდე გახანგრძლივება.
"ჩვენთან თავდაპირველად იყო შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან. სამინისტროს შემოთავაზება იყო ერთწლიან ვადაზე. ჩვენთვის ერთწლიანი ვადა არანაირ ამინდს არ ცვლის ბაზაზე და ეს საკმარისი არ არის. შეხვედრაზე ითქვა, რომ სანამ სამინისტრო საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანდა კანონპროექტს, კიდევ მოხდებოდა ჩვენთან შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით ეს შეხვედრა არ მომხდარა. მას შემდეგ ინიციატივა გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ერთ წელს მისცემენ ამ ბიზნესს ვადად, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ მოგებაზე არ გვაქვს საუბარი. ერთ წელში ჩადებული ინვესტიციის ამოღება ვერ მოხერხდება", _ განაცხადა ზვიად ზიზიაშვილმა.
კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის შესახებ გავრცელებული ინიციატივის შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაყიდვა 40%-ით შემცირდა, რაც ბაზარზე უარყოფითად აისახა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთწლიანი ვადის ორ წლამდე გახანგრძლივების მოთხოვნით შაბათს იგეგმება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საპროტესტო აქცია, რომელიც დაიწყება დიდი დიღმიდან და დასრულდება შს სამინისტროსთან.
გარდა ამისა, კვირას, რუსთავის ავტობაზრობაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები გეგმავენ ერთობლივი განცხადების გაკეთებას.