საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნების მომენტიდან შევა. გამოქვეყნება კი, 15 დღის ვადაში – "საკანონმდებლო მაცნეში" უნდა მოხდეს, რის შემდეგაც ის ასევე შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს.
ამასთან დაკავშირებით ცვლილებები "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონებში ხორციელდება, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა.
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" მოქმედი კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან შედის და 15 დღეში "საკანონმდებლო მაცნეში" ქვეყნდება. ამდენად, აღნიშნული ნორმა გადაწყვეტილების ძალაში შესვლას სხდომაზე მის საჯაროდ გამოცხადებას უკავშირებს.
როგორც ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუცია არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვას "გადაწყვეტილების გამოქვეყნების" მომენტს უკავშირებს. კომიტეტის შეფასებით, იგივე შინაარსს შეიცავს ორგანული კანონის 23-ე და 25-ე მუხლები, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან კარგავს.
"ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებს შორის სამართლებრივი კოლიზიის აღმოსაფხვრელად საჭიროა, ერმანეთისაგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ გამოცხადება, რა დროსაც სასამართლო სხდომათა დარბაზში მყოფ მხარეებს და სხვა დამსწრე პირებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს გააცნობს, ხოლო მეორე მხრივ, ამავე გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ფორმით და დადგენილ ორგანოში გამოქვეყნება, რასაც უკვე ფართო საზოგადოების ინფორმირების დატვირთვა გააჩნია და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას განაპირობებს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არა სხდომაზე მისი გამოცხადების, არამედ მოგვიანებით – მისი გამოქვეყნების მომენტიდან, შესაძლებლობას მისცემს მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, წერილობით ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს თავისი განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი და კანონით დადგენილ ვადაში (მიღებიდან 15 დღეში) ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებლად "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" გადასცეს", – განმარტავს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე თანდართულ დოკუმენტში.