„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსს გელა ლომინეიშვილს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.
ჩვენი წყაროს თქმით, ეს საკითხი გუშინ, გამგებლის კაბინეტში, ხმაურის ფონზე გადაწყდა. ლომინეიშვილს დოკუმენტაციის არასწორად შედგენაში ედავებიან. გვითხრეს ისიც, რომ საფინანსო სამსახურის უფროსს ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაურთულდა ააიპ-ების ხელმძღვანელებთან, რადგან ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს თანხები დაგვიანებით ერიცხებოდათ და ამის გამო ხშირი იყო ხელფასების დაგვიანების შემთხვევები.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა. გამგებელი ამბობს, რომ ლომინეიშვილი შვებულებაშია:
_ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. გელა ლომინეიშვილმა შვებულება ითხოვა. მის მოვალეობას ახლა მაია გოგოლაძე ასრულებს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას კუჭავამ.
გამგებელი არც იმ ინფორმაციას გვიდასტურებს, რომ ლომინეიშვილის თანამდებობას მაია გოგოლაძე, რამდენიმე დღეში სწორედ მისივე ბრძანებით დაიკავებს. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საფინანსო სამსახურის უფროსს, მიუხედავად მის მიმართ არსებული პრეტენზიებისა, სახლში არ გაუშვებენ, 2012 წელს, არჩევნების დროს გაწეულ ამაგს დაუფასებენ და რაიმე ადგილს მოუნახავენ.
ჩვენ ვეცადეთ დეტალები უშუალოდ ლომინეიშვილთან დაგვეზუსტებინა, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული აქვს.