ვენეციის კომისიამ და ეუთომ საქართველოში საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნა მოამზადა.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასკვნაში ვენეციის კომისია მიესალმება მათი წარსული რეკომენდაციებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ამომრჩევლის ხმის თანაბრობის გათვალისწინებას, მათ შორის ბარიერის 50%-მდე გაზრდას ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. დასკვნაში ექსპერტები, ასევე საუბრობენ იმ ხარვეზებზე, რომელიც საარჩევნო კოდექსის მიღებისას იქნა დაშვებული. კერძოდ:
ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებული საარჩევნო ნორმათა კოდექსის რეკომენდაცია რომელიც საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში დამოუკიდებელი კომისიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მმართველმა კოალიციამ არც საკონსულტაციო პროცესი გამართა და არც დამოუკიდებელი კომისია ჩამოაყალიბა, რასაც შედეგად მოყვა ნაკლები გამჭვირვალობა და საერთო ნდობის შესუსტება პროცესის მიუკერძოებლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი მიღებულ იქნა გასული წლის დეკემბერში, მაჟორიტარული ოლქების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ გაურკვეველია (4 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში). არსებული 30 ოლქი კვლავაც საზღვრების დადგენის გარეშეა დარჩენილი და მისი დადგენა მინდობილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რომელმაც, კანონის თანახმად აღნიშნული სამუშაო უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 1 ივნისისა. ექპერტების ვიზიტისას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საზღვრების დადგენის პროცესი 1 ივლისისთვის დასრულდება. რამაც არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირის გათვალისწინებით, შეიძლება არათანაბარ პირობებში ჩააყენოს საარჩევნო პროცესში მონაწილე ზოგიერთი პარტია და კანდიდატი და პროცესი შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული. უფრო მეტიც, საზღვრების დაგვიანებით დადგენამ შეიძლება გამოიწვიოს ამომრჩევლების არასათანადო ინფორმირება მათ საარჩევნო ოლქებში განხორციელებულ ცვლილებებზე.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს მომავალში რეფორმის ეფექტურად განსახორციელებლად.
1. კანონის ძირითადი დებულებები, მათ შორის ს საზღვრების დელიმიტაცია, განსაზღვრული უნდა იყოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 1 წლით ადრე.
2. კანონით განისაზღვროს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვის მეთოდი (თუ შენარჩუნდება მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ), ასევე მკაფიოდ განისაზღვროს საარჩევნო ოლქების საზღვრების გადახედვის პერიოდულობა.
3. კანონით განისაზღვროს ამომრჩეველთა რაოდენობის მაქსიმალური შესაძლო გადახრა საარჩევნო ოლქებს შორის და მოხდეს გამონაკლისი შემთხვევების მკაფიო დასაბუთება.
4. ინკლუზიური კონსულტაციების უზრუნველყოფა იმისათვის, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. კერძოდ, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი დროებითი ან მუდმივი კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენაზე.
5. ეთნიკური უმცირესობებია დასახლებულ საარჩევნო ოლქებში, საზღვრების დადგენისას მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მათი უფლებები, რათა არ მოხდეს მათი წარმომადგენლობის შესუსტება.
წყარო.ivote.ge