2016 წლის 21 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ ჟურნალისტებსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი არჩეული თანამდებობის პირებისთვის სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის საკითხის კვლევის პრეზენტაცია გამართა. ასევე მოეწყო დისკუსია ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ 2016 წლის 8 თებერვალს საზოგადოებას წარუდგინა კვლევა -"იმუნიტეტი, როგორც ხელშეუხებლობს გარანტი."
კვლევის მიზანს წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტის კუთხით საქართველოსა და ევროპის ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა და შედარებითი ანალიზის გაკეთება, რომელიც საფუძვლად დაედება საკანონმდებლო წინადადების შემუშავებას ადგილობრივი თვითმართველობის არჩევითი თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებლობის ეფექტური გარანტიების შექმნისათვის.
კვლევა ასევე ასახავს, პროექტის ფარგლებში 19 ფოკუს ჯგუფის შედეგად გამოკითხული 279 რესპოდენტის მოსაზრებას, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების სტატუსზე და იმუნიტეტის საჭიროებაზე, როგორც საზოგადოების, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კვლევის შედეგების გათვალისწინებით, წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაციას, ერთის მხრივ, შეუძლია შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებისათვის დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები და მეორეს მხრივ, დაიცვას გონივრული ბალანსი დაპირისპირებულთა ინტერესებს შორის.