სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი დღეს N8 დაწესებულებას ესტუმრა, სადაც აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის სახელით საჩუქრები გადასცა.
"ნორვუზ-ბაირამი ახალი წლის მოსვლასთან და გაზაფხულთან ასოცირდება. მინდა ყველას მივულოცო საქართველოში ნოვრუზ-ბაირამობა და დავარწმუნო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს შეუწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადოდ აღინიშნოს მსგავსი დღესასწაულები", -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.
აღნიშნული ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის და საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელიც სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შედგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობაზე და ბაირამობის დღესასწაულზე დაწესებულებებში ტკბილეულობის შეტანის საკითხებზეც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ისევე, როგორც ყველა მუსლიმს და სხვა აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებს, დღესასწაულების აღნიშვნისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდავად ეძლევათ.
(R)