პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების გამო სამძიმარს უცხადებს ბელგიის მთავრობას და ბელგიელ ხალხს.
"დღეს ბრიუსელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უსასტიკესი ტერორისტული აქტები განხორციელდა. არის უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მთელს ევროპასთან ერთად განვიცდით ამ უმძიმეს ტრაგედიას. ეს იყო საზარელი თავდასხმა მსოფლიო ცივილიზაციის წინააღმდეგ.
საქართველო გადაჭრით აღიარებს დასავლურ კურსს, მის იდეალებსა და ფასეულობებს და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში თავისი წვლილი შეაქვს. ტერორიზმს არ გააჩნია ეროვნება და რელიგია. დღეს მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები საუდის არაბეთში, სადაც მასპინძელ მხარესთან ერთად მკაცრად დავგმეთ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტები. ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს და სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ.
მსოფლიომ უნდა გააგრძელოს ეფექტური და კოორდინირებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ."-განაცხადა თედო ჯაფარიძემ.