ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა და ზემო ფარცხმაში მცხოვრები მუსულმანები ადგილობრივ ხელისუფლებას სალოცავისთვის ადგილის გამოყოფას სთხოვენ:
_ სალოცავისთვის ადგილის გამოყოფის თხოვნით 2012 წლის არჩევნებამდე მივმართეთ ჩოხატაურის გამგებელს ლელა იმედაშვილს. ეს თხოვნა მხოლოდ შუა და ზემო ფარცხმაში მცხოვრებ მუსულმანებს არ ეკუთვნოდა. განცხადებას ხელს აწერდა ჩოხატაურში ჩამოსახლებული ყველა მუსულმანი. რამდენჯერმე შევხდით ქალბატონ ლელას, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ, _ აღნიშნა გურია ნიუსის გადაცემაში 'არჩევანი მე" მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა ნოდარ ბოლქვაძემ.
მისივე თქმით მუსულმანების დიდი სურვილია ჩოხატაურში, ნებისმიერ ადგილზე გამოიყოს ნაკვეთი, სადაც სალოცავის აშენებას შეძლებენ:
_ სალოცავად საკმაოდ დიდ გზას გავდივართ. ზოგჯერ ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში მივდივართ, ხშირად ქობულეთში, _ აღნიშნა ბოლქვაძემ.
გადაცემაში, ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ ფარცხმის მაჟორიტარი დეპუტატი ჩოხატაურის საკრებულოში, მალხაზ ჩხიკვაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, ამ საკითხზე მუსულმანთა თემს მისთვის არ მიუმართავს:
_ ყველას უნდა მიეცეს ლოცვის საშუალება და ამაზე შეზღუდვა არ უნდა ჰქონდათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს მე აქვე, ამ სტუდიაში ვთავაზობ ბატონ ნოდარს, რომ დავსხდეთ, ვისაუბროთ, შევარჩიოთ ადგილი სალოცავისთვის.
ამ დრომდე ამ თხოვნით ჩემთან არავინ მოსულა. ფაქტია, რომ იყო მიმართვა და რეაგირება არ მომხდარა. შეიძლება ეს ხელისუფლების ბრალია და შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობის, _ აღნიშნა ჩხიკვაძემ და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე აუცილებლად იმუშავებს.
ნახეთ გადაცემის სრული ვერსია: დაცულია თუ არა საქართველოში რელიგიის თავისუფლება