NATO 28 ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია. წევრი ქვეყნები შეთანხმებულად მოქმედებენ ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების დასაცავად. ამას კოლექტიურ თავდაცვას უწოდებენ.
NATO-ს, როგორც ორგანიზაციის და ალიანსის უმთავრესი მიზანია მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი ტერიტორიული თავდაცვის გარანტირება.
NATO, უპირველეს ყოვლისა, აგრესიისგან თავდაცვისა და აგრესიის შეკავების მექანიზმია. ის ერთგვარი ქოლგაა, რომელიც წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ვითარდებიან ასე წარმატებულად დასავლეთის ქვეყნები. დასავლეთის ქვეყნების ყველა ის მატერიალური სიკეთე (მაღალი ხელფასი, ჯანდაცვა, განათლება, მიმოსვლის თავისუფლება, ადამიანის უფლებები), რასაც ასე შევნატრით, სწორედ ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ გახდა შესაძლებელი.
მაინც რა არის უსაფრთხოება და რა მნიშვნელობა აქვს მას? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გვერდით ცხოვრობს მეზობელი ან მეზობლები, რომლებიც მუდმივად გაშანტაჟებენ, გივარდებიან სახლში, გართმევენ აუცილებელ ნივთებს, გიჭრიან ელექტროენერგიას და გაზს, გისწორდებიან ფიზიკურად, იკავებენ თქვენი საცხოვრებელი სახლის გარკვეულ ოთახებს, რაც ხელს გიშლით, მაგალითად საძინებლიდან სამზარეულოსა და სააბაზანოში გასვლაში. ამის გამო თქვენ ვეღარ ახერხებთ ელემენტარული ფუნქციების დროულად შესრულებას. მუდმივი ფიზიკური ძალადობით სუსტდება თქვენი ჯანმრთელობა. იმის გამო, რომ დილით ვერ ახერხებთ დროულად აბაზანაში შესვლას, მუდმივად გაგვიანდებათ სამსახურში, სამზარეულოზე წვდომის დაბლოკვის გამო, ვერ ახერხებთ კვების რეჟიმის დაცვას, რაც საბოლოოდ თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე აისახება. და იკლებს თქვენი ოჯახის შემოსავალი და თქვენ ნელ-ნელა ღარიბდებით.
რაც შეეხება კოლექტიურ თავდაცვას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სამეზობლოში 28 ოჯახი შეთანხმდა, რომ ერთ ოჯახზე თავდასხმა ყველა დანარჩენზე თავდასხმად განიხილება და თავდასხმის შემთხვევაში მოძალადეს არა ის ერთი, დაზარალებული ოჯახი, არამედ ოცდარვავე ოჯახი დაუპირისპირდება. ასეთ შემთხვევაში, მოძალადე კარგად დაფიქრდება, სანამ ამგვარ თავდასხმას განახორციელებს.
NATO-ს მიერ წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მოქმედებებში და ის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არაწევრ ქვეყნებზე თავდასხმას. თავად ის ფაქტი, რომ ქვეყანა NATO-ს წევრია, ამ ქვეყნის მიმართ აგრესიის გამოვლენას აფერხებს.
მაგალითად, ავიღოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები. მათ ისეთივე მცირე ტერიტორიები და სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, როგორიც საქართველოს და მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი ისეთივე სიამოვნებით დაემუქრებოდა, როგორც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკეთებს. თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ისინი NATO-ს წევრები არიან, სადაც ყველა ქვეყანას ერთმანეთის დაცვის ვალდებულება აქვს აღებული, მოსკოვი პირდაპირ აგრესიას ერიდება.
დიალოგსა და თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი ურთიერთობისთვის. NATO უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს ჩაატარონ კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებზე, აამაღლონ ერთმანეთისადმი ნდობა და საბოლოოდ თავიდან აიცილონ კონფლიქტები. NATO მხარს უჭერს დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
დიპლომატიური ძალისხმევის წარუმატებლობის შემთხვევაში, NATO-ს აქვს სამხედრო პოტენციალი, რომელიც საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ან სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩაატაროს კრიზისის მართვისა და მშვიდობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი ოპერაციები.
სამხედრო ძალის გამოყენება უკანასკნელი მექანიზმია, პრობლემების მოგვარებას NATO დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმებით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ NATO მსოფლიოს მასშტაბით უძლიერესი სამხედრო გაერთიანებაა, იგი სამხედრო ძალას შეზღუდულად იყენებს და ალიანსის ფუძემდებლური ხელშეკრულებით გათვალისწინებული უშუალო პასუხისმგებლობის არეალის გარეთ NATO-ს მიერ ძალის გამოყენების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცედურული ბარიერების გადალახვის შემდეგაა შესაძლებელი.
NATO-ს წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე აუცილებლად განლაგდება NATO-ს ჯარები. ევროპაში ასეთი ბევრი ქვეყანაა. ისინი NATO-ს წევრები არიან და მათ ტერიტორიაზე არ არის განლაგებული ალიანსის ბაზები, თუმცა ალიანსის გარეთ მყოფმა ყველა ქვეყანამ იცის, რომ თავდასხმის შემთხვევაში NATO-ს გაერთიანებულ პასუხს მიიღებს.
NATO-ს წევრობა ქვეყნებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საშუალებას აძლევს, რაც მიიღწევა სხვა წევრ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით და ურთიერთდახმარებით, ისეთ სფეროებში როგორიცაა: თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმები, სამხედრო კონცეფციების და დოქტრინების შემუშავება, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სწავლება და წვრთნები, თანამედროვე აღჭურვილობისა და შეიარაღებების სისტემების ერთობლივი განვითარება და შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და ა.შ. ალიანსის წევრობა მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დაგროვებული უზარმაზარი ცოდნის და ექსპერტიზის მიღების საშუალებას იძლევა.
ყოველდღიური ცხოვრება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დამოკიდებულია უსაფრთხოებაზე. NATO-საქართველოს თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონებში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
(R)