იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ბიზნესინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში მცხოვრებ მანანა სიხარულიძეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე დღეს სახლში ესტუმრა.
_ ბევრჯერ ვცადე მუშაობის დაწყება, თუმცა, არ გამოვიდა. ყველგან პრობლემა შემექმნა ნასამართლეობის გამო. შემდეგ, ყოფილი პატიმრისგან გავიგე ამ პროექტის არსებობის შესახებ. მივედი, გავიარე ტრენინგები, მოვსინჯე ძალები და დაფინანსება მივიღე.
მიღებული გრანტის, 3 ათასი ლარის ფარგლებში შევიძინე ძროხა, თივა, შხამქიმიკატები ჩემი ბაღისთვის. ძალიან მიჭირდა და ამან შეღავათი მომცა.
ვაპირებ, რომ მეურნეობა გავაფართოვო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა მანანამ.
„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელის ირაკლი ხელაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს:
_ ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელიც იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით 2012 წლის დეკემბრიდან შეიქმნა.
პროგრამის ფარგლებში, სხვა დამატებით მომსახურებებთან ერთად, აქცენტი კეთდება ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაზე, პროფესიულ გადამზადებასა და შესაბამისი მიმართულებით დასაქმებაში ხელშეწყობაზე;
პროგრამა მიზნად ისახავს, ერთის მხრივ საზოგადოების დაცვას განმეორებითი დანაშაულისგან და მეორეს მხრივ, ქვეყნისთვის ყოფილი პატიმრის სრულფასოვან მოქალაქედ დაბრუნებას.
რაც შეეხება კონკრეტულად ყოფილ პატიმართა ბიზნესიდეების დაფინანსებას, ეს არის საგრანტო კონკურსი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან აცხადებს. ქვეყნის მასშტაბით 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა უკვე განხორციელდა.
პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, _ აღნიშნა ირაკლი ხელაძემ “გურია ნიუსთან“ საუბრისას.