ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებებს სთავაზობს. ფიზიკურ პირებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების უკან გამოსყიდვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ.
ვოლსკის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან თავისუფლდება, თუკი ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მიღებულ საცხოვრებელ ბინას/სახლს იმავე ფიზიკურ პირს – ყოფილი მესაკუთრეს მიაწოდებს. მოვალეს შესაძლებლობა მიეცემა, კუთვნილი ქონება მის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობით გამოისყიდოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, კრედიტორი შეუსრულებელი ვალდებულების საფუძველზე მიღებული ქონების რეალიზაციისას ვალდებულია, მოახდინოს დამატებითი ღირებულების გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც თავისთავად, 18%-ით (დღგ) აძვირებს უძრავი ქონების ღირებულებას.
პარლამენტში დაწყებულია ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა, რომელიც იმ ფიზიკურ პირებს ეხებათ, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ იხდიან სესხებს, ვერ ასრულებენ ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ბანკს მსგავსი სესხები უიმედო სესხების კატეგორიაში აქვს გადატანილი.
"თავისუფალი დემოკრატების" კანონპროექტი ითვალისწინებს, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფიზიკური პირებისათვის ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ფინანსურ ინსტიტუტებს აღარ ექნებათ გადახდისუუნარო კრედიტორებისათვის ვალის პატიებისგან თავის შეკავების საფუძველი, რაც თავის მხრივ, ასეთ პირებს შესაძლებლობას მისცემს ფინანსური ინსტიტუტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უიმედო სესხისა და შესაბამისი სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ.
გია ვოლსკის განმარტებით, ორივე საგადასახადო ინიციატივა ფინანსური ისტიტუტებისადმი დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს. დეპუტატი ამ ორი ინიციატივის შესაძლო გაერთიანებასა და ერთ პროექტად ჩამოყალიბების პერსპექტივაზე საუბრობს.
"თუკი დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივები გაერთიანება, გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვსაც შეიძენს, რადგან ეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივი კანონპროექტის შემუშავების პირველი პრეცენდენტი იქნება", – აღნიშნა გია ვოლსკიმ.