ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების პატიმრი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, დისკრიმინაციულ ქმედებაზე საუბრობს და სასამართლოს ძალით სამეურნეო ნაწილში დასაქმებას ითხოვს.
პატიმრის სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია უკვე რამდენიმე თვეა იხილავს.
როგორც მსჯავრებულის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლგბტ საქართველო" აცხადებს, პატიმარი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მისი დისკრიმინაციის ფაქტს ამტკიცებს. მისი განმარტებით, ციხის სამეურნეო ნაწილიდან, სადაც ის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა, გაათავისუფლეს მისი სექსუალური ორიენტაციის გამო.
ორგანიზაციის ცნობით, სარჩელის საფუძვლიანობაზე მეტყველებს სარჩელზე მტკიცებულების სახით დართული წერილი, რომლითაც 34 პატიმარი ციხის უფროსისაგან პატიმრის სამუშაოდან გათავისუფლებას ითხოვს სწორედ მისი "გარყვნილი ცხოვრების წესის" გამო.
ამავე წერილში მითითებული სხვა ჰომოფობიური გამონათქვამები პატიმრის მისამართით. სწორედ ამ წერილს ეყრდნობა ციხის დირექტორის ბრძანება, რომლითაც პატიმარს შრომითი უფლება 2015 წლის გაზაფხულზე შეეზღუდა.
პატიმრის უფლებების დამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია "ლგბტ საქართველოს" მოხალისე იურისტი ნინო ბოლქვაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პატიმარი, ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებზეც საუბრობს და სურს, რომ მისი სარჩელის განხილვას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრონ, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ იჩაგრებიან გბტ (გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პატიმრები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მოხვედრისას.
"საუბრობს დისკრიმინაციის სხვა ფაქტებზეც, თუმცა ეს სამოქალაქო წესით სასამართლოში განსახილველი საკითხი ვერ იქნება, რადგან დისკრიმინაციული გამონათქვამები ანტიდისკრიმინაციული კანონით არ რეგულირდება და სიძულვილის ენაა. ამის გამო ვერავის მოვთხოვთ პასუხისგებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ციხის თანამშრომლი აყენებს ვინმეს ასეთ შეურაცხყოფას. ამ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. თუ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი ეს ასევე ვერ იქნება სამოქალაქო კოლეგიის განსახილველი, არამედ, გამოძიების განსახილველია. ჩვენი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი. ასევე დადგინდეს, რომ მისი გათავისულფლება სამეურნეო ნაწილიდან მოხდა დისკრიმინაციულად, უკანონოდ და აღდგეს ის სამეურნეო ნაწილში სამუშაოზე", _ აღნიშნავს ბოლქვაძე.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამნისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ მსჯავრდებული, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, სამეურნეო ნაწილიდან 2014 წელს კანონმდებლობის სრული დაცვით ამოირიცხა, შესაბამისად, არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.
"პატიმრობის კოდექსის" თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებული გ.პ, რომელიც დაწესებულების ადმინისტრაციას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, სამეურნეო ნაწილიდან 2014 წელს კანონმდებლობის სრული დაცვით ამოირიცხა, შესაბამისად, არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია არც ერთი ნიშნით. ბრძანება მისი ამორიცხვის შესახებ გამოცემულია კანონის შესაბამისად. ამორიცხვის გადაწყვეტილება კი, მიღებული იქნა გ.პ-სა და სამეურნეო ნაწილში ჩარიცხულ სხვა მსჯავრდებულებს შორის დაპირისპირებისა და უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
ადმინისტრაციის მხრიდან ხორციელდება ყველა აუცილებელი ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მაქსიმალურად დაცული იყოს თითოეული მსჯავრდებულის უფლება, ასევე, დაწესებულებებში ყველა მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები და დასაქმება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული შესაძლებლობების ფარგლებში", _ აღნიშულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.