მიმდინარე წლის 24 მარტს განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთა რაოდენობის 1/3-მა მიმართა წერილით, რომლითაც ქ. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ბაღის დირექტორების, მოადგილეებისა და თანამშრომლების გათავისუფლების საკითხის საკომიტეტო განხილვას მოითხოვდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტის სხდომა მოიწვია და დღის წესრიგის დამტკიცებამდე ქ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას წერილი გააცნო კომიტეტს:
"გაცნობებთ, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულებების რამდენიმე დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე. დამატებით, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის პერიოდული გადამოწმების შედეგად, განმეორებითი დარღვების აღმოჩენისას გათავისუფლდა რამდენიმე ხელმძღვანელი თანამდებობიდ პირი. აუდიტის დასკვნა ეხება თვითმმართველი ერთეულის – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურაში არსებული კადრების მიერ დაშვებულ თუ განხორციელებულ მრავალჯერად დარღვევებს, რის საფუძველზეც უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონმდებლობისა და მონიჭებული კომპეტენციის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პასუხისმგებელი კადრების დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლების შესახებ."
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის ამოღებასთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის დებატები გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,ალექსანდრე ქანთარიამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხი დასვა. მან ბაგა-ბაღების გათავისუფლებულ ხელმძღვანელ პირებს მიმართა, რომ ისინი საკითხის ამ ფორმით განხილვით, წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ბრმა იარაღებად შეიძლება იქცნენ. "თითოეულ თქვენგანს შევხვდებით, თითოეული თქვენგანის გულისტკივილს მოვისმენთ, მაგრამ ნუ იქცევით ნაციონალური მოძრაობის ბრმა იარაღებად წინასაარჩევნოდ", – მიმართა მან კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში ჩამოსულ, ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებულ ხელმძღვანელ პირებს.
ფრიდონ საყვარელიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული პირების შეხვედრა შედგა ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელებთან". "ფრაქციის დასკვნაში საუბარი იყო, რომ საქმე გვაქვს სისტემურ ხარვეზთან, რომ აუდიტის დასკვნების საფუძველზე ყველა ეს დირექტორი არ უნდა გათავისუფლებულიყო", – განაცხადა ფრიდონ საყვარელიძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებით, საკითხი ეხება განათლების პოლიტიკას, განათლების პრობლემებს, ამიტომ მან მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის კომიტეტის დღის წესრიგში დატოვება. "საქმე ეხება ძალიან სერიოზულ ვითარებას – საქართველოს ქალაქებში ათავისუფლებენ ბაგა-ბაღების დირექტორებს. ამის განხილვას პარლამენტი ვერ გაექცევა. თუ თქვენ ჩაშლით ამ სხდომას, ეს საკითხი დადგება პლენარულ სხდომაზე, რასაც მოჰყვება დებატები", – აღნიშნა სერგო რატიანმა.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ გათავისუფლებულ დირექტორებს განუმარტა, რომ საქართველოს პარლამენტი საკადრო საკითხებთან და აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. "შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ნამდვილად არავის უხარია დაკავებული თანამდებობებიდან თქვენი გათავისუფლება, მაგრამ მინდა აგიხსნათ, რომ პარლამენტის მიერ წინმსწრებად საკითხზე აზრის გამოთქმა, რომელიც მომავალში გახდება სასამართლო გადაწყვეტილების გარკვეული საფუძველი, ვფიქრობ, იქნება სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად აღქმული. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ თითოეულ თქვენგანს, მაგრამ გადაწყვეტილებას კომიტეტი ვერ მიიღებს", – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს გათავისუფლებულ ხელმძღვანელ პირებს. თითოეულმა მათგანმა გათავისუფლების საფუძველი გააცნო დეპუტატებს. ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ დეპუტატებს შესთავაზა აღნიშნული საკითხის შესასწავლად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ან კომიტეტმა მიიღოს დასკვა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი აღნიშნული ფაქტების სისტემური ხასიათის თაობაზე და პროცესი ამოვარდნილია სამართლებრივი ჩარჩოდან. "ეს ადამიანები ისევე მოიგებენ სასამართლოს, როგორც სხვა ადამიანებმა მოიგეს, რომლებიც მასიურად გათავისუფლდნენ სამსახურებიდან", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ივანე კიღურაძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების მართვა განეკუთვნება ადგილობრივ თვითმართველობის კომპეტენციას და პარლამენტის კომიტეტი ვერ შექმნის სამუშაო ჯგუფს მერიაში მიღებული გადაწყვეტილებების შესასწავლად.
სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მერიიდან გამოგზავნილი დოკუმენტი არასრულფასოვანია და ასახავს იმ მდგომარეობას, რომ დირექტორები პროცედურების დარღვევით არიან გათავისუფლებულები.
ამასთან დაკავშირებით, ივანე კიღურაძემ განაცხადა: "მე არ შევდივარ ამ დოკუმენტის დეტალურ განხილვაში, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ეს არ იქნას აღქმული, როგორც სასამართლოზე ზეწოლა. რამდენადაც მე ვიცი, აღძრულია სარჩელები და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს".
სერგო რატიანმა დასვა საკითხი, რომ კენჭი ეყაროს შემდეგ გადაწყვეტილებას: კომიტეტმა მოისმინა რა კომიტეტის წევრების, გათავისუფლებული დირექტორების და ექსპერტთა მოსაზრებები, ასევე განიხილა მერიიდან გამოგზავნილი დოკუმენტი, დირექტორების გათავისუფლების პროცესს აფასებს ნეგატიურად პროცედურების დარღვევით, რასაც აქვს სისტემური ხასიათი.
კომიტეტმა კენჭი უყარა სერგო რატიანის წინადადებას, რომელსაც სხდომაზე დამსწრე კომიტეტის 15 წევრიდან მხარი დაუჭირა
6 – მა. გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.