მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო მგრძნობიარეები არიან ორგანიზმში სითხის დეფიციტის მიმართ. აქედან გამომდინარე, შეიძლება, თქვენი გაღიზიანება თუ ცუდი შეგრძნებები, სინამდვილეში, ძალიან ბანალური წყურვილის შედეგი იყოს.
კეფის არეში ტკივილს სწორედ გაუწყლოება იწვევს. ასეთ დროს პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი და, თუ ეს ტკივილი რაიმე ორგანული მიზეზით არ არის გამოწვეული, 15-20 წუთის შემდეგ აუცილებლად გაგივლით.
თუ არ გიყვართ ჩვეულებრივი წყლის დალევა, მეტი რაოდენობით მიირთვით ვაშლი, მარწყვი, ალუბალი, საზამთრო. არ დაგავიწყდეთ ცოცხალი მწვანილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ოხრახუში, ნიახური, ბოლოკი, კიტრი, კომბოსტო – ამ პროდუქტებით არა მხოლოდ გაიუმჯობესებთ გუნება-განწყობას, არამდე, შეივსებთ წყლის ბალანსს.
დამტკიცებულია, რომ ყველაზე მეტ სითხეს შეიცავს კენკრა, ხილი და მწვანე ბოსტნეული – 100 გრამ პროდუქტზე 90 პროცენტი წყალი მოდის. მეორე ადგილზეა კარტოფილი – 75 პროცენტი, მესამეზე კი ხორცი და თევზი – 60-70 პროცენტი.
გაუწყლოება იწვევს არა მარტო კანის, არამედ, მთელი ორგანიზმის მოდუნებას, გონების გაფანტვას, უძილობასა და დეპრესიასაც კი. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები დღეში 2 ლიტრამდე წყლის დალევას და მათ სოლიდარობას უცხადებენ კოსმეტოლოგებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მშრალი კანი და მტვრევადი თმა და ფრჩხილები სწორედ გაუწყლოების შედეგია. მათ მხარს უბამენ დიეტოლოგებიც, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, მისი დეფიციტი კი, პირიქით, ანელებს პროცესს და ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ერთი-ორი ჭიქა წყალი ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს ხასიათს.