სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინისტრ კახა კახიშვილის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და ადამიანის უფლებების დამცველები შედიან.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს გააცნო ის ინიციატივები, რომლებიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იგეგმება. ასევე, ის ახალი რეგულაციები, რომლის ინიცირება უახლოს მთავრობის სხდომაზე და შემდეგ პარლამენტში მოხდება.
მინისტრის თქმით, საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება როგორც მსჯავრდებულთა დასაქმების, ისე ონლაინ მაღაზიების საკითხი. ასევე, უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს.
"არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით ის ინიციატივები, რომელთა წარდგენა საქართველს პარლამენტში მოხდება. ეს უკავშირდება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს, ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების გასაჩივრების, ასევე, უვადო პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრო სექტორმა იცოდეს სამინისტროში არსებული სიახლეები და მიმდინარე პროცესები. სამინისტროს საქმიანობის პულსზე რაც მეტად ედება ხელი არასამთავრობო სექტორს, უკეთესია. ერთობლივი თანამშრომლობით მეტად მივალთ ევროპულ სტანდარტებამდე," _ განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, სამინისტრო ყოველდღიურად ზრუნავს იმისათვის, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად შეუსაბამოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე სარეჟიმო მოთხოვნების კუთხით.
საკონსულტაციო საბჭოს წევრები სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პირობებით დაინტერესდნენ. მათ მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ N3 და N 6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ მინისტრის ინიციატივით შეიქმნილი საბჭო ძალიან ეფექტურია იმ კუთხით, რომ დეტალურად განიხილავს იმ საკანონმდებლო წინადადებებს და საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი რეფორმირების, დახვეწისა და გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
"მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო საბჭოში განსხვავებული შეხედულებების ორგანიზაციები შედიან, სამინისტროში მიმდინარე რეფორმისადმი ყველა დადებითად ვართ განწყობილნი. მზად ვართ, რომ მოვამზადოთ სპეციალური რეკომენდაციები და განვახორციელოთ ამ ცვლილებებისა თუ ინიციატივების საკანონმდებლო ლობირება. სამოქალაქო სექტორისა და სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობა შედეგად მოიტანას ეფექტურ მართლმსაჯულებას. ის პრობლემური საკითხები, რომელიც ცალკეული მიმართულებებით შეიძლება არსებობდეს, კოორდინირებული საქმიანობით აღმოიფხვრება. ამ მიმართულებით საბჭო ქმედითია. მინისტრი სამოქალაქო სექტორს უსმენს," – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
კახა კახიშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ყველთვიურად შეხვდეს.
(R)