ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 75 წლის ფატყუმე ბერიძე 46 წელია ცხოვრობს. ის მუსლიმია, მისი შვილი და რძალი კი მართლმადიდებლები არიან.
"ასე მოხდა და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. არანაირი პრობლემა არ არის. ჩემი შვილები ყველანაირად მეხმარებიან და ხელს არ მიშლიან ლოცვაში. მათ ისურვეს, რომ ყოფილიყვნენ მართლმადიდებლები და მე კიდევ ვარ მუსლიმი. ყველა ღმერთის გაჩენილები ვართ და ლოცვაში არცერთმა რელიგიის მიმდევრებმა ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ. ადამიანში რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა სუფევდეს და ეს თუ ასე არის, მაშინ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. მე ჩემს რწმენას ვემსახურები და ჩემი შვილები მის რწმენას. 46 წელია აქ ვართ და მინდა ვთქვა, რომ მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა." – გვითხრა ფატყუმე ბერიძემ.
ქალბატონო ფატყუმე კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და კომუნისტების დროინდელი ამბავი გაიხსენა.
"ყველაფერი, რომ ვილაპარაკო, მაშინ კინოს გადაღება დაგჭირდებათ. ჩვენთვის არასდროს არავის უთქვამს, რწმენა შეიცვალეო. ერთად ვმუშაობდით. დიდვანი დღეები იყო და ჩაის ვკრეფდით. დილას, რომ ვჭამდით, საღამომდე არაფერს მივირთმევდით, არც წყალის დალევა შეიძლება. მაგ პერიოდში კი ვმუშაობდით და ჩაის ვკრეფდით. არავის არ შეუმჩნევია ჩვენი მარხვა. ერთმა ბრიგადირმა გაიგო, რომ ჩვენ ვმარხულობდი. მის შემდეგ მარხვის დროს ხუთ საათზე გვიშვებდა და ხელს გვიწყობდა ყველანაირად."
ჩვენი რესპოდენტი ქსოვით არის დაკავებული.
"იყო დრო, როდესაც ყველაფერს ვაკეთებდი. ახლა ხანდახან ავადმყოფობ და აქედან გამომდინარე წლებია ქსოვით ვარ დაკავებული. უფრო მეტად ჩემს ნაქსოვებს ვჩუქნი, არის შემთხვევები კიდევაც გავყიდე. ასე არის ცხოვრება ხან კარგად ხარ და ხან კიდევ ცუდად. მთავარია ადამიანმა ცხოვრებაში რწმენა არ დაკარგოს." – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ფატყუმე ბერიძემ.