შუალედური არჩევნები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 22 მაისს ჩატარდება. "გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, სხვადასხვა პარტიის სავარაუდო კამდიდატები.
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ქართული ოცნებიდან" დაბა ნააკირალის საჯარო სკოლის ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელი ნონა ტუნაძე იყრის კენჭს.
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე იქნება.
აღნიშნული ინფორმაცია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნასაკირალის მაჟორიტარ დეპუტატობაზე კენჭს დაბა ნასაკირალში მცხოვრები ბესო ქათამაძე იყრის. ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა.
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები რამდენიმე პირთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს არჩევნებში, თუმცა გეტყვით, რომ ეს იქნება ახალი სახე"_ამბობს მჟავანაძე.
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ დგილობრივი არჩევნები მათ სტრატეგიაში არ შედის:
"ჩვენთვის მიმდინარე პოლიტიკურ სტრატეგიაში არ შედის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პარტია ემიჯნება ამას, რადგან ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის" _ ამბობს სალუქვაძე.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს არც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა". გურიის ოფისის ხელმძღვანელი კახა ჩავლეშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მათი პარტია არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება:
"ჩვენ დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, არ გევყოლება ჩვენი კანდიდატურა არც დაბა ნასაკირალში და არც ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, ვუცხადებთ ბოიკოტს, ბევრი საკითხის გამო, თუმცა არჩვნების მიმდინარეობას აუცილებლად დავაკვირდებით, გვეყოლება ჩვენი წარმომადგენლები კომისიებში, ასევე კომისიის წევრები, რომ არ მოხდეს გაყალბება"_ამბობს ჩავლეშვილი.