"თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს "გურია ნიუსის" საშუალებით მიმართავს.
"პატივცემულო საკრებულოს წევრებო! ყოველ თქვენგანს მოეხსენება, რომ ლანჩხუთის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე დგას მსოფლიოს უდიდესი დიქტატორის, დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921წ.წ.) ჯალათის, გახელისუფლებული ბანდიტის და სერიული მკვლელის იოსებ (კობა) სტალინის ბიუსტი. სილის ტკაცანი, რომელიც ამ ბიუსტის აღმართვით სტალინელებმა, დამოუკიდებელ საქართველოში, ეროვნულ მოძრაობას გააწნეს მანამ იხმიანებს, სანამ ბელადის ძეგლი პოსტამენტზე იქნება წამოსკუპებული. დიდი ხანია დროა, საკრებულომ მიიღოს გადაწყვეტილება სტალინის ბიუსტის აღების თაობაზე.
ბატონო დეპუტატებო! თავი რომ დავანებოთ საკითხის ზნეობრივ და პოლიტიკურ მხარეს, ამას თქვენ კანონი გავალდებულებთ. იმედი მაქვს, ამ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავთ და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებთ." – ამბობს ვახტანგ ზენაიშვილი.