ქალაქ ოზურგეთში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ და გიორგი გაჩეჩილაძემ, ასევე, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრმა, რეჟისორმა მერაბ თავაძემ ოზურგეთელებს საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარმოუდგინეს.
შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, გურიის მხარის გუბერნატორის მოადგილეები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
როგორც მანანა კობახიძემ შეხვედრაზე განაცხადა, ვინაიდან მთელ რიგ ქვეყნებში კანონის დონეზე დაშვებულია ერთი სქესის მქონე ადამიანთა ქორწინება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ იგივე ცვლილებები შიდა კანონმდებლობაშიც განხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია სწორედ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება და ეს მკაფიოდ უნდა გაიწეროს კონსტიტუციის დონეზე.
,,საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, საზოგადოების უმრავლესობა ამ აზრს უჭერს მხარს და დისკუსიაც შესაბამისად წარიმართა“, _ განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის მიზნით პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის წევრებიც საქართველოს მოსახლეობას კანონპროექტის არსს აცნობენ.
აღნიშნული კანონპროექტი დეპუტატთა უმრავლესობის ინიცირებით შეიქმნა და მის მიღებას 113 ხმა სჭირდება. თუ კანონპროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ამ შემთხვევაში ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება.
(R)