შეშის ღუმელიდან თხილის ნაჭუჭით უზრუნველყოფილ ავტომატიზებულ სისტემამდე
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის შენობის გასათბობად ბიომასა (თხილის ნაჭუჭი) გახდა ის საშუალება, რამაც ამიერიდან ნორჩ აღსაზრდელთა ყოფა-ცხოვრება მთლიანად შეცვალა უკეთესობისკენ. პროექტი "ბიომასაზე მომუშავე თანამედროვე გათბობის სისტემა", რომლის პრეზენტაციაც აქ შედგა, საბავშვო ბაღში გახორციელებულ ენერგოეფექტურ ღონისძიებას მოიცავდა, რაც ავტომატიზებული გათბობის სისტემის მონტაჟსა და შენობის ხის ფანჯრების მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით შეცვლაში გამოიხატა. სამუშაოები "განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ახალი პროექტის" ფარგლებში ჩატარდა და დაფინანსებულია „ბიპი საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში. მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაც მონაწილეობდა. წარმატებული საქმე რეგიონში ძალზე რეზონანსული გახდა და განსაკუთრებული სიხარულით აავსო ზუგდიდელი პატარები და მათი მშობლები.
ღონისძიებას უძღვებოდა ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი.
"ბიპი საქართველოს" წარმომადგენელმა კრის შლუტერმა საბავშვო ბაღის გათბობის ასეთ მეთოდს, სადაც საწვავ ნედლეულს თხილის ნაჭუჭი წარმოადგენს, ინოვაციური სისტემა უწოდა, რომელიც თავისი ენერგოეფექტურობით ძალიან ბევრ შეშას ანუ ხე-ტყეს დაზოგავს.
"უდანაკარგო სითბო ბავშვებისთვის, ეს არის უდიდესი საქმე. მე აქ პირველად ვარ და მიხარია, რომ ამ ქალაქში ვართ ამ საქმის პიონერები "- თქვა მან.
პროექტის მენეჯერმა ლიანა ღარიბაშვილმა ისაუბრა პროექტის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე, რომლის შედეგიცაა ყოველწლიურად 50 კუბ. მ. ხე-ტყის დაზოგვა, ხოლო ამავე შენობის გასათბობად ბუნებრივი აირის გამოყენების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის დანახარჯი ენერგორესურსებზე იქნებოდა 9700 ლარით მეტი.
საბავშვო ბაღში ჩატარებული საზეიმო ცერემონიის ხელმძღვანელი, ამავე ბაღის დირექტორი ინეზა ზაქარაია, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებას 1985 წლიდან ხელმძღვანელობს, იხსენებს უმძიმესი გაჭირვების 90-იან წლებს, როცა საბავშვო ბაღის შენობაში ლტოლვილები შევიდნენ და დიდსა თუ პატარას ერთნაირი გაუსაძლისი ყოფა-ცხოვრება ჰქონდა. თუმცა, ყველაფერს გუძლეს და დღეს განსაკუთრებით წარმატებული და ეფექტური ნაბიჯი გადადგეს ნორჩების ბედნიერი და სრულფასოვანი მომავლისთვის.
"ხუთჯგუფიანი ბაღი, რომელიც 125 ბავშვზეა გათვალისწინებული, შერჩეულთა შორის პირველი აღმოჩნდა, რომელიც "მერების შეთანხმების" პროექტის მიხედვით დაფინანსდა. ქალაქ ზუგდიდის მერიამ ააშენა საქვაბე. შენობაში სულ 1000 კვ.მ. ფართობი თბება. ყველა ოთახში თერმომეტრი ჰკიდია. შესაძლებელია ტემპერატურის სურვილის მიხედვით დაკლება ან მომატება. რაც მთავარია, ბიომასის – თხილის ნაჭუჭის შესაძენად, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ადგილობრივ თხილის კომპანიასთან, რომელიც სეზონზე, 25 ნოემბრიდან 15 აპრილამდე, რეგულარულად გვაწვდის ამ რესურსს. რა გასაჭირი გამოვიარეთ და დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ბავშვებს ასეთი პირობები შეექმნათ" – გვითხრა მან.
საზეიმო ცერემონია დასრულდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა კონცერტით. პედაგოგთა მიერ მომზადებული ორიგინალური სცენარის ლაიტმოტივი იყო ლექსის ფრაზა: "თავი არა, ენერგია დაზოგე!", რის გარდასახვაც პატარებმა სიმღერებსა თუ ცეკვაშიც შემოქმედებითად წარმოადგინეს. ასევე ინსცენირებით აჩვენეს სტუმრებს მუსიკალური კომპოზიცია "დარგე ხე" – მინიატურული ნიჩბებით პატარა ვედროებში მიწა ჩაყარეს და ნორჩი წიწვოვანები ჩარგეს.
სტუმარ-მასპინძელთა ერთობლივ ზეიმზე ყველაზე ნაკლებად ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები საუბრობდნენ, ალბათ, ყველაზე მეტი წვლილის გამო. თუმცა, დიდი იყო მათი სიხარული, როცა მშობლებმა უთხრეს: ღმერთმა ისე გაგახაროთ მუდამ, როგორც დღეს ჩვენი შვილები გაახარეთო. ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა კი კეთილი იუმორით გამოხატეს თავიანთი სათქმელი _ დღეს თუ ამ ბავშვების გახარებაში არასამთავრობოების წვლილი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი, მომვალში ჩვენი წვლილი უფრო მეტი იქნება ამგვარი საშვილიშვილო საქმეების კეთებისასო.