ახლა მარტის ბოლოა და სხვლისა და დარგვის სეზონი იწურება. თუმცა, თუ ჯერ კიდევ ვერ მოასწარით სასურველი ხეხილოვნების დარგვა, იჩქარეთ და გაამდიდრეთ ახალი ნარგავებით თქვენი ბაღები და ეზოები. არდარგვას, მაინც დარგვა სჯობს, მით უფრო, როცა ამინდის პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი. ვეგეტაციის პერიოდის შენელება კი ნარგავების გახარებას ხელს შეუწყობს.
დარგეთ თხილი, ვაშლი, მსხალი, ატამი, სხვადასხვა ბუჩქოვანი კულტურა (ჟოლო, ხურტკმელი, უეკლო მაყვალი, მოცხარი). თუ ბუჩქოვანები ისედაც ხარობს თქვენს კარმიდამოში, აუცილებლად გაყავით და გადარგეთ. რაც შეეხება მაყვალსა და ჟოლოს, აუცილებლად შეაცალეთ და მიაჭერით შარშანდელი ტოტები, თორემ ის შეაფერხებს ახალი ნაყარის ზრდას.
ამ პერიოდში აღარ შეიძლება შებარვა. სამაგიეროდ, აუცილებელია აზოტის შეტანა თხილნარში. ასევე, ნარგავებს მივუსხათ წუნწუხი. რაც შეეხება სხვლას, ეს უკვე შერჩევით შეიძლება მოხდეს. ვინც ჩაის კულტურის აღდგენაზე მუშაობს, მარტის ბოლო რიცხვებში სასურველია მისი გასხვლა. დანარჩენი კულტურებისთვის კი ამ დროს სხვლა დაგვიანებულია.
ხეხილოვანთა დასარგავი ნაკვეთის მოსამზადებლად ნუ დაიხმართ ცეცხლს! გაკაფეთ, მოჭერით, ამოძირკვეთ ეკალ-ბარდი და ჩამპალი თუ გამხმარი ხის კუნძები. შემდეგ შეღობეთ და შეასრულეთ ხვნის სამუშაოები.
რაც შეეხება აგრარული კულტურების დათესვას, ღია გრუნტში მოათავსეთ სტაფილო, ოხრახუში, თვის ბოლოკი, სალათის ფოთლები, პრასი, წითელი ფხალი, წიწმატი.
ხეხილოვანთა ბაღებში პლასტმასის ჯაგრისით ან სახელდახელოდ ხით ნაფოტით დამზადებული საფხეკით მცენარეთა ვარჯს და ტოტებს სათითაოდ მოაშორეთ ხავსი თუ მღიერები ისე, რომ არ დააზიანოთ კანი. ორი დღის შემდეგ კი შეათეთრეთ კირისა და წყლის ხსნარით. სასურველია, ხსნარი ორი დღით დადგათ, მოურიოთ დღეში ერთხელ და მერე ფუნჯით შეათეთროთ თითოეული ხის ტანი.
ყოველივე ეს მშრალ, მზიან ამინდში უნდა მოხდეს.