2016 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში, საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ფიზიკური პირებისგან 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ფინანსური მონიტორინგისას გაირკვა, რომ მიღებული თანხებით, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ლიდერობს, მეორე ადგილზე, "პატრიოტთა ალიანსია", ხოლო მესამე ადგილს – კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის ორგანიზაცია "ბედნიერი საქართველოსთვის” იკავებს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამი თვის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" 20 560 ლარის შემოწირულობა მიიღო; ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 30 097 ლარის შემოწირულობა.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, "რესპუბლიკურ პარტიას" შემოწირულობები საწევროების წესით აქვს მიღებული.
"პატრიოტთა ალიანსის" ყველაზე მსხვილი შემწირველი ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯიაა, რომელიც პარტიას 49 000 ლარით დაეხმარა. გარდა ამისა, პარტიას 3 თვის განმავლობაში სხვადასხა პერიოდში, ჯამში, 41 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენმა (შპს "ტაია"-ს წილის 50%-ის მფლობელი) გიორგი მორგოშიამ. მოქალაქე ქეთევანი შენგელია პარტიას 19500 ლარით დაეხმარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს ფინანსურად ბიზნესმენებიც დაეხმარნენ. მაგალითად, "გირჩს" ბიზნესმენმა მილერი გვენეტაძემ 60 000 ლარი შესწირა, ხოლო ტიტე ერგემლიძემ 59 958 ლარი.
"ქართული ოცნების" ანგარიშზე 10 000 ლარი შეიტანა ბიზნესმენმა გიორგი ხარებაშვილმა; ასევე ალექსანდრე ალხაზიშვილმა.
ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას ფულს მისი შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი სწირავდა, რომელიც მანამდე მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელიც იყო.
საკუთარი პარტიების ანგარიშზე თანხები შეჰქონდათ ცნობილ პოლიტიკოსებსა და პარლამენტის წევრებს, მათ შორის, დავით უსუფაშვილს, გიორგი ბარამიძეს, სერგო რატიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გიორგი ხაჩიძეს და დავით ბაქრაძეს. უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა კი, მარტში, "გირჩს" 3000 ლარი შეწირა.