9 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ქართული ჯგუფი "მგზავრები" კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი "აფხაზეთის ხმა" ავრცელებს.
ინფორმაციამ "მგზავრების" მომავალი კონცერტის შესახებ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
"უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგარები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია)" – ასე ეხმიანება ნიკა გვარამია ამ მოვლენას.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის აზრით, ქვეყანაში ამაზე ბევრად უფრო საინტერესო და უკეთესი ამბებიც ხდება.
"მე მგონი უკვე ღელვად აღარ ღირს. ვიცოდეთ, რომ მორიგეობით გამოჩნდება ქართველ მოცეკვავე–მომღერალათა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ეროვნულ დღესასწაულზე ან გლოვის დღეზე დაუმთხვევენ კონცერტს, ამათ არ ეცოდინებათ და ერთ "ვუის'" იტყვიან და მაინც წავლენ. წავიდნენ მგზავრებიც.
ნახეთ, უკეთესი ამბებიც ხდება: მაგალითად ეროვნული ბიბლიოთეკის ჯგუფმა დღეს ლევილში ქართული ბიბლიოთეკის მოწყობა დაასრულა, ორ დღეში კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნი მუზეუმის კეთებას დავიწყებთ, ეკვილიბრიუმი იმ კვირაში უკვე ხუთასორმოცდამეათე სოფლის ბიბლიოთეკას დაეხმარება და ასე შემდეგ."-წერს გიორგი კეკელიძე.