პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში (735-738 წწ), მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა".
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია, გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავს გულს).
გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც, გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა.
ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით, გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა. მარი ბროსეს აზრით, გურია, შესაძლოა, მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან "გუარე". ნიკო მარის აზრით, გურია მზის შვილს აღნიშნავს. მეგრულ-ლაზურზე "გურ" მზეს ნიშნავს, ხოლო "ია" ანუ "უა" _ შვილს, ვაჟს. ნიკო მარი იმასაც აღნიშანვდა, რომ "ეგერიც" (ეგრისი) ამავე ძირის მქონე ტერმინიაო.
ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს ინდოეთის მეფე შედათმა, მოინდომა ედემის გაშენება და ბრძანა მთელი ქვეყნის "გურიები" (ლამაზები) ერთად შეეკრიბათ და მისთვის მიეყვანათ. ერთად შეკრებილი მთელი ქვეყნის "გურიები" ინდოეთში მიემგზავრებოდნენ და დღევანდელი გურიის მიწაზე იყვნენ როდესაც შედათის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, აქვე დასახლებულიყვნენ.
გურიაში ქვედა პალეოლითიდან მოყოლებული ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალია დადასტურებული. ძველი ქვის ხანის ნაშთები ხვარბეთ-ნაღობილევშია აღმოჩენილი. დგინდება კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი, რაც ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის მთელ მანძილზე გრძელდება. ადრენეოლითური პერიოდიდან მოყოლებული მჭიდროდაა დასახლებული ანასეული I და II და გურიანთა.
ანასეული I ადრენეოლითური უკერამიკო კულტურის ძეგლია, ანასეული II და გურიანთა კი წარმოადგენენ გვიან, განვითარებულ ნეოლითს, სადაც ქვის იარაღებთან ერთად გვხვდება გამომწვარი თიხის ჭურჭელი, კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისგან დამზადებული დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სათლელები, სატეხ-სასრესები, ცულები, კაჟის ისრისპირები, წერაქვის მსგავსი იარაღები, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები. უმეტესობა შემკულია ტალღისებული, ჭდეებიანი და ფოსოებიანი ორნამენტებით. შუა ბრინჯაოს ხანისაა ურეკის განძი, ხოლო გვაინ ბრინჯაოს პერიოდს მიუეკუთვნება მელექედურის, ბაღდადის, ვაკიჯვრის, შრომის, მაკვანეთის და ლაითურის განძები.
ურეკ-წვერმაღალაში აღმოჩენილი მასალა ასახავს ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის I ნახევრის პერიოდს, როდესაც დასავლეთ საქართველოში ძლიერდება კოლხას სამეფო და რკინის წარმოება. ძვ. წ. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხას მემკვიდრე სახელმწიფო ეგრისის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც იყო მოქცეული გურიის ტერიტორია.
გურიის ტერიტორია და განსაკუთრებით მისი სანაპირო ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა ვაჭრობის მიზნით. მდინარეების, სუფსა (მოგროსი) და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, აგრეთვე, ფლავიუს არიანეს. ახ. წ-ის მეოთხე საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე "Tabula Peutingeriana".
ეს მდინარეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი. გურია, ამ სახელით პირველად ცნობილი ხდება VIII საუკუნიდან.
გურია ლაზიკას სამეფოს წიაღში ჩაისახა და მისი დაშლის შემდეგ რიონსა და ჭოროხს შორის ტერიტორია ერგო, მაგრამ მისი ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. გურიის დაწინაურება, ძირითადად, VII-VIII საუკუნეებში ხდება.
მანამდე ეს მხარე ლაზიკის სხვა რეგიონებთან შედარებით დაუსახლებელი ყოფილა. გურიას არ იცნობენ აგათია სქოლასტიკოსი და პროკოპი კესარიელი. გურიის დაწინაურება ქვეყნის ფეოდალიზაციასთან ერთად ხდება და ის ბიზანტიის გავლენის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტი იყო. ამ დროს ამ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა იბერიზაციის პროცესები, ხდებოდა ჭანური ეთნოსის გაქართება.
VII საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლურ ქართული ეთნიკური ჯგუფების ამ რეგიონში დიფუზიის შედეგად ხდება გურიის ჩამოყალიბება. ქართლი კულტურულად და ეკლესიურად დასავლეთ საქართველოში იჭრება გურიის გზით. ამ პერიოდს უკავშირდება საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გაძლიერება გურიაში. X საუკუნეში ჩნდება ვაკიჯვრის, ექადიის, ბუკისციხის, უდაბნოსა და ეწერის ეკლესიები.
ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. გურიის პირველი ერისთავი ვარდან ვარდანისძეა. ის მოხსენიებულია ჯუმათის ასომთავრულ წარწერაში, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნით დაათარიღა გიორგი ჩუბინიშვილმა.
წარწერა წმინდა გიორგისადმი ვედრების ხასიათისაა. მავედრებელია გურიის ერისთავთ-ერისთავი: "ახოვანო მხედარო ქრისტესაო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ-ერისთავსა ვარდან ვარდანიძესა ამინ". გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია ლიხაური იყო. შემორჩენილია ივანე ვარდანისძის, მარუშიან ვარდანისძის, ბეშქენ ვარდანისძის (გურიელის) და მისი ძის, მიქაელის სახელები.
XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ერისთავთ-ერისთავები იყვნენ. ვარდანისძეებმა გურია საერისთაოდ მიიღეს 1361 წლის შემდეგ, როცა აჯანყებულ სვანთა ერისთავს ბაგრატ V-მ სვანეთი ჩამოართვა და გურია უბოძა.
გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავი იყო, დაახლოებით, XIV საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა შემოქმედის ეპარქია. სავარაუდოდ, მათვე დააარსეს ჯუმათისა და ხინოწმინდის საეპისკოპოსო. გურიელების საგვარეულოს ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი, რომელიც იწოდებოდა ერისთავთერისთავად და 1483 წელს გარდაიცვალა.
XIII-XV საუკუნეებში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციელ და გენუელ ვაჭრებთან. მათ ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი ფოთსა და გურიელის სარეზიდენციო პუნქტ ბათუმში. ეს ურთიერთობები დასტურდება 1290, 1386-87, 1464 წლებით დათარიღებულ საბუთებში. ქ. კაფის სანოტარო აქტებში აღნუსხული სავაჭრო გარიგებების თანახმად, გენუელებს გურიაში ჩაჰქონდათ თევზი, ქსოვილი, მარილი, ხელოვნური ნაწარმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ცვილს, ტილოს, ღომს, ხე-ტყეს. 1444 წელს გურიელის გამგებლობაში მყოფ ბათუმის პორტთან გამოჩნდა ბურგუნდიელების ფლოტი ჟოფრუა დე ტუაზის სარდლობით ქალაქის გასაძარცვად, მაგრამ გურიელმა დაამარცხა ისინი და ბევრი მათგანი ჩაიგდო ტყვედ.
გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები